მდინარაძის თქმით, აუდიტში რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა დაინერგა

პუბლიკა

მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა.

„შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერებისა და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა. 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყებისა და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე”, – თქვა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში განაცხადა, აუდიტის სამსახურმა თავისი რეკომენდაციებითა და დარღვევების გამოვლენით უკვე მოახერხა ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა, დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მისივე თქმით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების თანხობრივი გამოხატულება 50 მილიონი ლარია.

მამუკა მდინარაძის თქმით, მათი მიზანია, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყოს მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით.

„აუდიტის სამსახურიდან დაწყებული ყველა სამართალდამცავ უწყებას მიეცა რეკომენდაცია, რომლის შესრულება და აღსრულება უკვე წარმატებით არის დაწყებული ბოლო 2-3 თვეა განსაკუთრებით და ისინი ახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. მაგალითად, უწყებები კი არ მუშაობენ მხოლოდ ადრე, წინა თვეში, წინა დღეს თუ წინა წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე, ტენდერზე, სახელმწიფო შესყიდვაზე და ა.შ. არამედ რეალურ დროში ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია ფასი, რამდენად რელევანტურია მიდგომა, სატენდერო პირობები და ასე შემდეგ, რომ გამოირიცხოს მაქსიმალურად კორუფციის ნიშნები.

კორუფციის აბსოლუტური აღმოფხვრა – მსოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანას დაეკვეხნოს, ჩვენ კორუფცია აღარ გვაქვს ქვეყანაშიო. კორუფციის არქონა პირობითად შეიძლება ნიშნავდეს კორუფციის ყველაზე დაბალ დონესა და ხარისხს. ასევე, ვერც საქართველო, სამწუხაროდ, ვერ დაიტრაბახებს იმით, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში და შეიძლება 10 წლის მერეც ასე იყოს. მაგრამ ჩვენი მიზანია, რაც მეტი წელი, დღე და თვე გავა, მით ნაკლები კორუფცია გვქონდეს. ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ. ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც.

არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გატარებული ღონისძიებები, რომ ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიმუშაოთ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვიყოთ მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით. ამიტომ რეალურ დროში მონიტორინგი ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.