4 ივნისს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები გამართა. ორივე შემთხვევაში საუბარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, მის მოგვარებაში ამერიკის შუამდგომლობასა და მომდევნო დღეებში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს შეეხო.
გამოცემა РИА Новости-ს ცნობით, ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.
90-წუთიან საუბარში მხარეებმა განიხილეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში არსებული ვითარება და უკრაინის კონფლიქტში ამერიკის შუამავლობა. პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, მათ ისაუბრეს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, მათ შორის, ტრამპის 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობის გათვალისწინებით.
გამოცემის ცნობით, პუტინმა ისაუბრა ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე, სადაც მისი თქმით, რუსული ჯარები სტაბილურად მიიწევენ წინ და ერთი-მეორის მიყოლებით ათავისუფლებენ დასახლებებს. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოაგვაროს, მოსკოვის ფუნდამენტური საკითხების გათვალისწინებით.
ტრამპმა, თავის მხრივ, დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მშვიდობიან მოგვარებას და დასძინა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი გააგრძელებენ შუამავლობის ძალისხმევას და რუსეთის დედაქალაქში ნებისმიერ მოსახერხებელ დროს ჩამოვლენ.
გამოცემა РИА Новости-ს ინფორმაციით, ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოსკოვთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე. პუტინმა დაადასტურა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშეწყობის განზრახვა და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები გამოიწვევს გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს.
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატი უსურვა.
2026 წელს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის რიგით მეოთხე საუბარი გაიმართა, წინა საუბარი 20 დღის წინ შედგა.
სატელეფონო ზარი გუშინ ვოლოდიმერ ზელენსკისა და დონალ ტრამპს შორისაც შედგა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
მისივე თქმით, საუბრისას განიხილეს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და დიპლომატიური ძალისხმევა.
„არსებობს რეალური პერსპექტივა, რომ ეს ომი დასრულდეს და ამერიკის გადაწყვეტილება გადამწყვეტია. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს ანკარაში ნატოს სამიტზე” – დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე ვოლოდიმერ ზელენსკიმ.