ჯაფარიძე: როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი აგვისტოს არ გადასცდება

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ადვოკატები ეუბნებიან, რომ ე.წ საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება – აგვისტოს არ გადასცილდება“.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს „ჯამში „ოცნებას“ მოუგო, აღმოჩნდება ციხეში ან ქვეყნის გარეთ“.

ე.წ საბოტაჟის საქმეზე სულ ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. საქმეების განხილვა დაჩაქრებულად მიმდინარეობს – კვირაში რამდენიმე პროცესი.

„პირადი კომუნიკაცია რაც გვაქვს პროკურატურასთან, აპირებენ, რომ საქმე ძალიან სწრაფად დაასრულონ, შეიძლება, ამ თვის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში, ან აგვისტოს შუაში. სავარაუდო თარიღები არის ეს. ყოველ შემთხვევაში, აგვისტოს არ გადასცდება, რამდენადაც ამაზე მე მაქვს წარმოდგენა და ასევე ჩემი ადვოკატები მეუბნებიან.

როგორ დაასრულებენ? ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში, ან ქვეყნის გარეთ. ეს არის მიზანი, რაც ახლა აქვთ. [ჩვენი დაკავების მიზანი] ალბათ, სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ან „ჩვენს პირობებზე დავლაგდებით, ან ხალხს, ვისაც თქვენ ელაპარაკებით, ქვეყნიდან გავუშვებთ ან ციხეში ჩავსვამთ.

მეორეა ის, რომ პოლიტიკურ ველსაც ასუფთავებენ და უსუფთავებენ იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია, თვეებია იმეორებენ, რომ ძველი სახეები უნდა წავიდნენ და ახალმა სახეებმა რაღაც უნდა ქნან. უტოვებენ მათ ბურთს და მოედანს. გასაგებია, რომ ვიღაცები ამას აიღებენ“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი პრობლემა აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, რაც „თურმე ქვეყნის დასუსტება ყოფილა“.

„შესაბამისად, ყველამ, ვინც სანქციებზე მუშაობდა, დაასუსტა ქვეყანა იმიტომ, რომ ივანიშვილი დაასანქცირა დასავლეთმა. ოღონდ, დასანქცირება ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შეიძლება მილიონჯერ რაღაც ვთქვათ, რომ ვიღაც დასასანქცირებელია, მაგრამ დასანქცირება არის კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკის შედეგი“, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ეს სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულსიხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.