ირაკლი დგებუაძე შსს-ში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

პუბლიკა

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

ირაკლი დგებუაძე 2025 წლის სექტემბრიდან აღარ იკავებდა ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტს. სექტემბრიდან ირაკლი დგებუაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსად დაინიშნა. მოგვიანებით კი, რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

****

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია. სწორედ მისთვის სილის გარტყმას ედავებოდა გამოძიება გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორს. რის შემდეგაც, გამოძიების მტკიცებითვე, ირაკლი დგებუაძეს „ლოყა გაუწითლდა“.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება.

მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.