სამთავრობო ტვ „იმედი“: 4 ოქტომბრის საქმეზე სუსის მიერ დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა

პუბლიკა

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე სუსის მიერ დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა.

სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძემ დღეს, 10 ივლისს ბრიგინფი გამართა და განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე „სომხეთის საზღვართან ნეიტარალურ ზონაში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა“.

მაღრაძის თქმით, „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით დაკავებულს შეძენილი ჰქონდა საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ“.

სუსი ამბობს, რომ საქმე ეხება 4 ოქტომბერს „თბილისის მახლობლად ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოჩენილ გადამალულ ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელი ნივთიერებებს დეტონატორით,.

მაღრაძის თქმით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გასული წლის 6 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ბექა ჭულუხაძე უკრაინაში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველია. მასთან ინტერვიუ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ 15 ნოემბერს გამოაქვეყნა. ინტერვიუში ჭულუხაძე ამბობს, რომ მას აღნიშულ იარაღთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ჭულუხაძემ ასევე თქვა, რომ საქართველო 1 ოქტომბერს დატოვა, სუსი კი 4 ოქტომბრის დივერსიის მოწყობას ედავება.

„რაც სუსმა წარმოადგინა, რომ ამოიღეს, არანაირი შეხება მე მაგ იარაღღან არ გამაჩნია. ექსპერტიზა მოვითხოვე. ან ჩემი ანაბეჭდი უნდა იყოს, ან რაღაც ხომ უნდა იყოს, რომ მე შეხება მქონდა მაგ იარაღთან. ეს არის სრული სპექტაკლი. აიღეს და დაალაგეს. რაც ნახეს ჩემს ვიდეოში იარაღები, ანალოგიური იარაღები დაალაგეს.

გვებრძვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ვებრძვით რუსებს“, – თქვა გასული წლის ნოემბერში ბექა ჭულუხაძემ.

ჭულუხაძე ერთ-ერთია იმათ შორის, რომელიც სუსში დაიბარეს და გამოკითხეს 2024 წლის ივნის-იივლისში სხვა პირებთან ერთად – მაშინ სუსი ამბობდა, რომ იძიებდნენ „უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.