უფლებადამცველ ბაია პატარაიას ცნობით, გუშინ, გვიან ღამით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას, ცოლზე ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო, გვიან ღამით ელექტრონული სამაჯური შეაბეს.
„საფარი“ სოფიო სიგუას ინტერესების დაცვაში რამდენიმე დღის წინ ჩაერთო. ბაია პატარაიას თქმით, ელექტრონული სამაჯურის საკითხზე დღეს სასამართლოც გაიმართება.
იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს „ტვ პირველმა“ გაავრცელა. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტში სიგუას ცოლი, სოფიო სიგუა, ჰყვება, რომ ბავშვები დაზაფრულები არიან და ეშინიათ, დედა არ მოუკლას მამამ. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
„როგორ შეიძლება, ჩინოვნიკმა დაჩაგროს ცოლი. ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი მუდამ და ვიყავი ჩუმად. ადამიანი ცოლს ასეთი სისასტიკით ექცევა, ის გარეთ რას იზამს. ჩემთან ისეთი არაადეკვატური სასტიკი სახით იბრძოდა და მისწორდებოდა, რომ სულ ვეუბნებოდი – დაკავებული ხომ არ ვარ, ასე რატომ მისწორდები. ყოველთვის მემუქრებოდა – იქნები გაუხსნელი მკვლელობა.
მცდელობაც ჰქონდა, აივნის მოაჯირზე დამსვა და მაგდებდა. ამის კადრებიც მქონდა, მაგრამ თვითონ წამიშალა ეს კადრები. თან ვფიქრობდი, იარაღით მაინც მოვეკალი, ეს ფრენა რაღატომ უნდა მასწავლოს. ამას რომ აირჩევ ადამიანი, ეს არის საშინელება. ყოველთვის თავს იზღვევდა, ტელეფონს მართმევდა და მერე იწყებოდა რინგი. როგორც დაკავებულს, თავში მირტყამდა მუშტს. ეს იციან კარგად, როგორ არ უნდა დაგემჩნეს ცემის კვალი.“ – ამბობს სოფიო სიგუა.
სიუჟეტის მიხედვით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მეუღლემ 2026 წლის თებერვალში გაბედა. იოსებ სიგუას 2026 21 თებერვალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. სოფიო სიგუა ამბობს, რომ გაიმართა სასამართლო სხდომაც, რომელზეც, სოფიო სიგუას თქმით, მოსამართლემ მოისმინა მასზე ძალადობის ფაქტები.
მისივე თქმით, ამ დანაშაულების შესახებ გენერალურ ინსპექციასაც აცნობა. სიუჟეტის მიხედვით, იოსებ სიგუასთან შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან 2 კვირის თავზე გარიგება მოითხოვა. გარიგება შედგა და 2026 წლის 4 მარტით თარიღდება. სოფიო სიგუა ამბობს, რომ მასზე წნეხი იყო და აიძულეს, დასთანხმებოდა გარიგებას.
გარიგების თანახმად, თუ სოფიო სიგუა თბილისის საქალაქო პროკურატურაში შეტანილ განცხადებას გამოიტანდა და ასევე, თუ 2026 წლის 21 თებერვალს იოსებ სიგუას წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდენი გაუქმდებოდა, თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება თანასაკუთრებაში გადაფორმდებოდა.
სოფიო სიგუას თქმით, შეთანხმებიდან 3 თვეში იოსებ სიგუამ უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე, მოითხოვა გარიგების გაუქმება და სოფიო სიგუასთან თანასაკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნებაც.