აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ნათესავი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ ფატიმა ქერიმოვას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმეზე მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი 7 ივლისს წარუდგინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 03 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას; უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
აღნიშნულის გამო ფატიმა კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა.
2026 წლის 25 ივნისს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ვარკეთილში, ევგენია მაისურაძის ქუჩა N45 ა-ში, N3 ბინაში ემინ ალიევმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით გაგუდა ფატიმა კარიმოვა” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.