სასამართლომ იოსებ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯური ძალაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში დაუტოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. იოსებ სიგუას ცოლი, სოფიო სიგუა, ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ამხელს.

სოსო სიგუას ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს. პროცესის დასრულების შემდეგ, თავად იოსებ სიგუამ ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.

„ვფლობთ არაერთ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც გააჟღერა მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ, არ შეესაბამება რეალობას.” – განაცხადა იოსებ სიგუას ადვოკატმა თეონა გვაზავამ.

სოფიო სიგუას თქმით კი, არსებობს მოწმეები, არის მტკიცებულებები, ფოტო და ვიდეო მასალაც, რომელიც მის მიმართ ძალადობასა და დევნას ადასტურებს.

„არსებობს მოწმეები, არის მტკიცებულებები, ფოტო და ვიდეო მასალაც, დევნის ფაქტიც, რომ მუდამ ჩემს ლოკაციებზე იყო, სადაც ვიყავი, კარგი ის არის, რომ რეაგირება მოჰყვა – საპასუხო რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მისი დაწინაურება მოეხდინათ, ზოგადად პრობლემაა და ასეთი საქმე არ უნდა ხალისდებოდეს.“ – განაცხადა სოფიო სიგუამ.

სოფიო სიგუას ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „საფარი“ იცავს.

იოსებ სიგუამ კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსი უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა.