ირაკლი კობახიძის თქმით, იწყება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც „აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება“.
კობახიძის განცხადებით, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, „ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას“.
„დღეს ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც სრულად არის დაცული სახელმწიფოს ინტერესები, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას, რის შედეგადაც საქართველოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საკვანძო როლი ეკისრება.
თანამედროვე და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა“, – თქვა კობახიძემ.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, პროექტის ფარგლებში:
- გაორმაგდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება;
- მოეწყობა საჰაერო ხომალდების შვიდი ახალი დისტანციური სადგომი;
- ტერმინალს დაემატება ცხრა ახალი სარეგისტრაციო დახლი;
- გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი;
- დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი;
- განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება;
- გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა.
„პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, შეიქმნება უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მგზავრებისთვის და შესაძლებელი გახდება მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება“, – აცხადებს „ტავ ჯორჯია“.