ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „ნეიტრალური საქართველოს“ წევრები ჩვენებას აძლევენ

პუბლიკა

სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღეს „ნეიტრალური საქართველოს“ წევრები: ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი, ვატო შაქარიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლაიშვილი აძლევენ ჩვენებას.

პროკურატურამ 2025 წლის 8 თებერვალს საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სწორედ ამ საქმის ფარგლებში არიან ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

სხდომის დასაწყისში ვატო შაქარიშვილმა მედიას განუცხადა, რომ მათ პროკურატურაში წარადგინეს „ძალიან ვრცელი მასალა, მტკიცებულებები 25 წლის განმავლობაში ფართო აგენტურული ქსელის საქმიანობის“.

მისი მტკიცებით, „აგენტურული ქსელი შედგება რამდენიმე ნაწილისგან – პოლიტიკური პარტიებისგან, მედიებისგან, NGO-ებისგან, სხვადასხვა სფეროების ცალკეული წარმომადგენლებისგან“.

„ჩვენ მიერ იყო დასაბუთებული, რომ არსებობს კოორდინაციის მაღალი ხარისხი აგენტურული ქსელის სხვადასხვა დანაყოფებს შორის და ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან, ეს საქმიანობა ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ძირის გამოთხრას, ეს არის მტრული საქმიანობა და უცხო ძალებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ლევან ნიკოლაიშვილის განცხადებით, სარჩელში დევს „ყველა მტკიცებულებები, ყველა ფაქტები, რომლებიც ამოღებულია საჯარო განცხადებებიდან“.

„სასამართლო პროცესის დასრულებამდე მე არ გეტყვით ამ ფაქტების შესახებ“, – უთხრა მან მედიას.

ჟურნალისტებმა მას მიუთითეს, რომ ბრალდებული პოლიტიკოსების გარდა, ჩვენებებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილს პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასაც ასახელებდნენ, თუმცა მათ ბრალი არ აქვთ წარდგენილი.

ლევან ნიკოლაიშვილის თქმით, ეს გამოძიების პრეროგატივაა.

„ყველა ამ ადამიანზე, ვინც სარჩელშია განხილული, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც ფაქტებითაა გამყარებული. [გახარია-ზურაბიშვილს] ჯერ ბრალი არ ექნებათ წარდგენილი, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს.

…გამოძიება რასაც ჩათვლის საჭიროდ, თუ დამატებით კიდევ დასჭირდებათ სხვა ფაქტების მოძიება, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, – განაცხადა მან.


პროკურატურამ 8 პოლიტიკოსს – ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალდება 2025 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.

სასამართლოში სხდომები მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულია.

დაახლოებით ერთი თვის წინ დაჩქარდა საქმის განხილვაც. თავდაპირველად შეთანხმებული განრიგით, სხდომები თვეში ერთხელ უნდა გაემართათ, პროკურატურის შუამდგომლობით კი ივნისიდან სხდომები კვირაში ორჯერ დანიშნეს.

პროკურატურამ არგუმენტად „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება“ დაასახელა.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება სწრაფ მართლმსაჯულებას არ უკავშირდება და პოლიტიკური სარჩული აქვს.

ამ ეტაპზე სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევს. რა ჩვენებებს აძლევენ მოწმეები პოლიტიკოსების წინააღმდეგ – დახურული სხდომების შინაარსს საზოგადოება მხარეების მიერ პროცესიდან გამოტანილი ინფორმაციით იგებს.

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. მათი თქმით, საქმეში დევს პოლიტიკოსთა პოლიტიკური განცხადებები და სასამართლოში მოწმეები ამბობენ, რომ ბრალდებულთა ჟესტიკულაციით დარჩათ აღქმა, რომ ისინი მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდნენ. ადვოკატებმა საქმეს „ჟესტების საქმეც“ უწოდეს.

ისინი მოელიან, რომ ამ ტემპით ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უკვე განაჩენი დადგება.