გაეროს ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ სომხეთში ოპოზიციის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებები გამოიყენება

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

გაეროს ადამიანის უფლებათა ექვსმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთის ხელისუფლება ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ წევრების წინააღმდეგ ანტიტერორისტულ კანონმდებლობას იყენებს. ექსპერტებმა ასევე გააკრიტიკეს 2024 წელს ანტისამთავრობო აქციების პოლიციური დარბევა და განაცხადეს, რომ ხელისუფლების ქმედებები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სომხეთის მთავრობამ აღნიშნული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიება მისი კანონიერი უფლებაა.

მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“, რომელიც თავდაპირველად „ტავუში სამშობლოსთვის“ სახელით იყო ცნობილი, 2024 წლის გაზაფხულზე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის წინააღმდეგ შეიქმნა. მოგვიანებით ის 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სავარაუდოდ ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობად გადაიქცა, რომლის მთავარი მოთხოვნაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა იყო.

გაეროს ექსპერტების შეშფოთება ასახულია სომხეთის მთავრობისთვის 11 მაისს გაგზავნილ ოფიციალურ კომუნიკაციაში, რომელიც მოგვიანებით გაეროს სპეციალური პროცედურების ფარგლებში გასაჯაროვდა.

დოკუმენტს ხელს აწერენ გაეროს სპეციალური მომხსენებლები ტერორიზმთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, მოსამართლეებისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის საკითხებში, ასევე გაეროს სამუშაო ჯგუფი თვითნებური დაკავებების საკითხებზე.

კომუნიკაციის გაგზავნას წინ უძღოდა „წმინდა ბრძოლის“ მიმართვა, რომელშიც მოძრაობა ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება მისი წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ გადამეტებულ ძალას იყენებდა, ასევე ბოროტად იყენებდა ანტიტერორისტული და ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებებსა და ადმინისტრაციულ შეზღუდვებს.

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 12 ივნისს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლისას პოლიციამ გამოიყენა ხმაურისა და სინათლის ყუმბარები, რის შედეგადაც დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა – მათ შორის ჟურნალისტებიც. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედებები შესაძლოა არღვევდეს სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულებას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძალის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი და ლეგიტიმური საპროტესტო აქციების დასაშლელად.

წერილში ასევე განხილულია 2025 წლის ივნისში მოძრაობის ლიდერის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანისა და მისი 17 თანამოაზრის დაკავება. მათ ბრალი ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობაში წარუდგინეს.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალების გეგმა გამოავლინ, გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ეხება პოლიტიკურ ოპოზიციას, საპროტესტო აქციებსა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, ასევე – საყოფაცხოვრებო, სადღესასწაულო ან სამშენებლო დანიშნულების ჩვეულებრივი ნივთების ფლობას, ძალადობაზე, ძალადობის მუქარაზე, იარაღის გამოყენების განზრახვაზე ან რეალურ ტერორიზმზე ყოველგვარი მინიშნების გარეშე.

ექსპერტები ასევე მიუთითებენ ბრალდებებზე, რომ გამომძიებლებმა საჯაროდ მხოლოდ შერჩეული ფარული ჩანაწერები გაავრცელეს მაშინ, როდესაც არ გაასაჯაროეს ის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც „წმინდა ბრძოლის“ წევრები ძალადობას უარყოფდნენ.

გაეროს მომხსენებლების შეფასებით, ანტიტერორისტული მუხლების აშკარა ბოროტად გამოყენება მოძრაობის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებებით სარგებლობდნენ, შესაძლოა საერთაშორისო სამართლის დარღვევაც იყოს.

წერილში ასევე აღნიშნულია ბრალდებები, რომ „წმინდა ბრძოლის“ წინააღმდეგ გატარებული ზომები ოპოზიციური ჯგუფების, საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური პარტიებისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ განსხვავებული აზრის ჩახშობის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია.

გაეროს ექსპერტებმა სომხეთის მთავრობას სთხოვეს, განმარტოს, რა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა დაკავებებსა და მოძრაობისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე – როგორ შეესაბამება ტერორიზმის ბრალდებები საერთაშორისო სტანდარტებს.

წერილის გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში გალსტანიანი, რომელიც ხელისუფლების დამხობის დაგეგმვას უარყოფს, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ივნისის დასაწყისში შინაპატიმრობა შეუფარდეს.

9 ივლისით დათარიღებულ დაახლოებით 30-გვერდიან პასუხში სომხეთის მთავრობამ გაეროს ექსპერტების ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ საქმე ეხება ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების სავარაუდო მცდელობას და არა პოლიტიკურ ოპოზიციას.

„სისხლის სამართლის ბრალდებები არ უკავშირდება ბრალდებულთა პოლიტიკურ, რელიგიურ ან იდეოლოგიურ შეხედულებებს“, – წერია მთავრობის პასუხში. მისი განმარტებით, დევნა ეფუძნება მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც, ხელისუფლების მტკიცებით, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულების მომზადებას ადასტურებს.

2024 წლის ივნისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მთავრობა აცხადებს, რომ დემონსტრანტები პარლამენტის, როგორც დაცული ობიექტის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნებს და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

მთავრობის განცხადებით, შესაბამისი ორგანოები კვლავაც იკვლევენ, იყო თუ არა გამოყენებული ძალა კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული.

გალსტანიანის ადვოკატმა, ტატევიკ სოღოიანმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, გაეროს ექსპერტების წერილი იურიდიულად სავალდებულო არ არის და სომხეთის სასამართლოებს მისი გათვალისწინება არ ევალებათ, დოკუმენტს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს, თუ საქმე საერთაშორისო სასამართლოებში მოხვდება.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.