„ეს არ არის სანქცია, ეს პრევენციული ზომაა“ — „ბლექ სი პეტროლიუმის“ წარმომადგენელი

პუბლიკა

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ექვსი თვის შემდეგ შეიძლება ამოქმედდეს, თუ ობიექტი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას არ შეამცირებს, „ბლექსი პეტროლიუმის“ წარმომადგენელი „პრევენციულ ზომად“ აფასებს.

რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელთან ტრანზაქციების აკრძალვაც ძალაში 6 თვეში შევა.

ჩახნაშვილის თქმით, კომპანიამ განცხადება უკვე გაავრცელა და აგვისტოს ბოლოდან რუსული ნავთობის გადამუშავებას შეწყვეტს.

მისი თქმით, კომპანიის მიზანია ევროპულ ბაზრებზე გასვლა.

„ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ, ვაპირებთ ევროპის ბაზრებზე გასვლას და ისედაც ვაპირებდით. დაკონტრაქტებული რაც არის, იმის მერე სექტემბრის დასაწყისიდან, აგვისტოს ბოლოდან. არ არსებობს, ჩვენ რომ სანქცირებული ნავთობი შემოგვეტანა, აუცილებლად დაგვასანქცირებდნენ“, – ამბობს ჩახნაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში, კომპანიის წარმომადგენელი პასუხობს, რომ აღნიშნულ პაკეტში მხოლოდ მათი კომპანია არ მოხვედრილა.

„არა მარტო ჩვენი კომპანია, ევროკავშირი პრევენციულ ღონისძიებებს იღებს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართ და ამით, ფაქტობრივად, ცდილობენ, რუსული ნავთობის რეალიზაცია შეიზღუდოს. მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, აუცილებლად დაგვასანქცირებდნენ. ეს არ არის სანქციები, ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომ ქარხნებმა არ შეიძინოს რუსული ნავთობი. ეს არ არის გაფრთხილება. ეს მათი საქმეა, მათ ჰკითხეთ“, – ამბობს ვახტანგ ჩახნაშვილი.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამრეწველო საწარმოა. ის შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ პროექტია, ყულევის ნავთობტერმინალის ტერმინალის მახლობლად მდებარეობს და მასთან ინფრასტრუქტურულად არის დაკავშირებული ნედლეულის მისაღებად და პროდუქციის ექსპორტზე გასატანად.

ყულევის ნავთობტერმინალი არის ლოგისტიკური ჰაბი, რომლის მთავარი დანიშნულება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღება, რეზერვუარებში შენახვა და ტანკერებში გადატვირთვაა. ის აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 2008 წლიდან ფუნქციონირებს და იქ ნედლი ნავთობის ქიმიური გადამუშავება ან საწვავად გარდაქმნა არ ხდება.