ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა.
კერძოდ, ყულევს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეეხო.
ევროკავშირი წერს, რომ ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოს ქალაქ ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ყიდის, ძალაში 6 თვეში შევა.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირება რამდენიმე თვის წინაც იგეგმებოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში. თუმცა, მაშინ ყულევი სანქციების სიიდან ამოიღეს.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრა“. ეს ეწერა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილში, რომელიც მან მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ ამ რეექსპორტს და ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრ მონიტორინგს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პრაქტიკაში მართლაც სრულდება“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, შივონ მაკგარმა „პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად 12 მარტს, ასევე 16 მარტს.
ინფორმაცია, რომ საქართველოში მდებარე ყულევის პორტი შესაძლოა შესულიყო რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტში, თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა 2026 წლის 9 თებერვალს.
23 თებერვალს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიას „სრული ინფორმაცია მიაწოდა“ და რომ აღნიშნული ინფორმაცია „ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი“.
კობახიძე ამბობდა, რომ ნავთობის „ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა“.
„შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, – ამბობდა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2026 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ნავთობპროდუქტების ექსპორტის დამსახურებაა.
საქსტატის თანახმად, საქართველომ ნავთობის წარმოება და უცხოეთში გაყიდვა დაიწყო.
2025 წლის იანვართან შედარებით, ამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სექტორში ზრდამ 3000%-ს გადააჭარბა.
კერძოდ, თუ 2025 წლის იანვარში ამ სასაქონლო ჯგუფის ადგილობრივი ექსპორტი 1.69 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 56.18 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამ შედეგით ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა და მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18% შეადგინა.
საქართველოში ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა მან გადაუსწრო ისეთ ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს, როგორიცაა ღვინო, კაკალი და მინერალური წყლები.