ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი 4 მუხლით წარედგინა

პუბლიკა

ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი სსკ-ის 4 მუხლით წარედგინა და 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრება.

კერძოდ, პროკურატურამ კაპანაძეს ბრალი წარუდგინა:

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას);
  • 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ);
  • 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება);
  • და 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.

შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

პროკურატურა ამბობს, რომ ამავე ქმედებით ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.

2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები.

პოლიციის თანამშრომლების მოწოდების პასუხად, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებული სამართალდამცველებს დაემუქრა და კარების გაღებისთანავე „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. უწყება წერს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.