ვერაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთ-ერთი — 17 წლის ბიჭი დაიღუპა

პუბლიკა

22 ივლისის საღამოს თბილისში, ვერაზე, სროლა იყო.

დაიჭრა 4 ადამიანი, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია.

ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათგან ერთი – 17 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალეიშვილმა თქვა, რომ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა.

„სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. რითი იყო მიყენებული და სად ჰქონდა [ტრავმა], სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ იქნება დასკვნა“, – თქვა მან.

კიდევ ორი დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი. კლინიკის დირექტორის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი. ორივეს სჭირდებოდა ოპერაცია. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მან.

კიდევ ერთი დაჭრილი ტაქსით გადაადგილდებოდა, მას ბრმა ტყვია მოხვდა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა მანქანა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ ისროლა დაკავებულმა.

IPN წერს, რომ მანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას თითებზე დაზიანება მიიღო, რადგან  სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

შსს-ის ცნობით, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.