„ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით საინიციატივო ჯგუფის დაფუძნების შესახებ ადამიანების კიდევ ერთმა ჯგუფმა განაცხადა

პუბლიკა

„ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით საინიციატივო ჯგუფის დაფუძნების შესახებ ადამიანების კიდევ ერთმა ჯგუფმა განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროსამთავრობო მედია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საინიციატივო ჯგუფის წევრები  არიან: მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია.

„თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება, იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეებისა და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობას და სამოქალაქო მშვიდობას. ფაქტია, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს – დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ, მართულ ჯგუფებს შორის.

თუკი საქმე პროცესების ესკალაციამდე მივა, სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული, რადგან ქართველი ხალხი ქართული იდენტობისა და ქართული ღირებულებების გვერდით დგას. ამიტომ, იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში,” – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე მსახიობმა, საინიციატივო ჯგუფის წევრმა გიორგი შანიძემ.

ორი დღის წინ, 28 ივლისს გიორგი ქართველიშვილმა ორგანიზაცია „ეროვნული თაობის” დასაფუძნებლად თანამოაზრეებთან ერთად რეესტრს განცხადებით მიმართა.

ორგანიზაციის მიზანს, წესდების მიხედვით, საქართველოს ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრიობის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ისტორიული და ეროვნული ღირებულებების დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: გიორგი ქართველიშვილი, ნია მჭედლიშვილი და ლევანი ყურაშვილი.

გიორგი ქართველიშვილმა ორგანიზაციის დასაფუძნებლად რეესტრს დაჩქარებული წესით მიმართა. საჯარო რეესტრი საკითხის წარმოების დასრულებაზე პასუხს ერთ დღეში დაუბრუნებს.

27 ივნისს გიორგი ქართველიშვილმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა, „ეროვნული სიწმინდეების დაცვა“ დააანონსა და თქვა, რომ ამ მოტივით „საფრთხეს და ციხეში წასვლასაც არ მოერიდება“.

ქართველიშვილი MMA მებრძოლია. სამთავრობო პროპაგანდისტული მედია მას წარმოაჩენდა, როგორც კომიკოს და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირის, ნიკა ხურცილავას მეგობარს.

სპორტსმენის „მოძრაობაც“ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეს დაეფუძნა.