გიორგი ქართველიშვილმა ორგანიზაცია „ეროვნული თაობის” დასაფუძნებლად თანამოაზრეებთან ერთად რეესტრს განცხადებით მიმართა.
ორგანიზაციის მიზანს, წესდების მიხედვით, საქართველოს ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრიობის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ისტორიული და ეროვნული ღირებულებების დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: გიორგი ქართველიშვილი, ნია მჭედლიშვილი და ლევანი ყურაშვილი.
დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციის საქმიანობის მიზანს ასევე წარმოადგენს:
„ქართული ენის, კულტურის, ისტორიის, ეროვნული თვითმყოფადობისა და მართლმადიდებლური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
საქართველოს ისტორიაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სარწმუნოებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მოღვაწეთა მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გაცნობა;
ახალგაზრდებში პატრიოტიზმის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ეროვნული თვითშეგნების, ისტორიისა და კულტურის ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა;
ოჯახური, კულტურული და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
მშვიდობიანი, კანონიერი და დემოკრატიული გზებით იმ ინიციატივებისა და პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას;
მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, მოხალისეობისა და საზოგადოებრივი თვითორგანიზების ხელშეწყობა ეროვნული, კულტურული და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით;
ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად სხვადასხვა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობის ორგანიზება;
თანამშრომლობა საქართველოსა და უცხოეთში მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომელთა საქმიანობა შეესაბამება ორგანიზაციის მიზნებს და ემსახურება საქართველოს ეროვნული, კულტურული და საზოგადოებრივი ინტერესების განვითარებას“, – წერია წესდებაში.
გიორგი ქართველიშვილმა ორგანიზაციის დასაფუძნებლად რეესტრს დაჩქარებული წესით მიმართა. საჯარო რეესტრი საკითხის წარმოების დასრულებაზე პასუხს ერთ დღეში დაუბრუნებს.
27 ივნისს გიორგი ქართველიშვილმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა, „ეროვნული სიწმინდეების დაცვა“ დააანონსა და თქვა, რომ ამ მოტივით „საფრთხეს და ციხეში წასვლასაც არ მოერიდება“.
ქართველიშვილი MMA მებრძოლია. სამთავრობო პროპაგანდისტული მედია მას წარმოაჩენდა, როგორც კომიკოს და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირის, ნიკა ხურცილავას მეგობარს.
სპორტსმენის „მოძრაობაც“ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეს დაეფუძნა.