„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00-ზე ჩატარდება.
ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს „გარდამავალ პერიოდში“, ასევე შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც 6-თვიან გარდამავალ პერიოდში პარტიაში გასატარებელ რეფორმებზე იმუშავებს, ასევე შეიქმნება „რეფორმატორების საბჭო“, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.
„ეს არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა, დაახლოებით, 250-დან 300 კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა… დაინიშნა საორგანიზაციო 7-კაციანი ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. […] გვინდა, რომ უფრო მეტად ჰორიზონტალური ტიპის მმართველობაზე გადავიდეთ, მაგრამ ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას, პარტიას ვინ ეყოლება თავმჯდომარედ ამ გარდამავალ პერიოდში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვებს, ვინ იქნება გარდამავალ პერიოდში თავმჯდომარე და იქნება თუ არა ეს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, პეტრე ცისკარიშვილმა პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას ყრილობაზე მიიღებენ.
პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ის თბილისში არაა და მოსვლა ვერ შეძლო. თბილისში არყოფნას უდასტურებს თინა ბოკუჩავა „ნეტგაზეთს“. მისი თქმით, ის აჭარაში ისვენებს და პარტია ამის შესახებ ინფორმირებული იყო.
„თინა არ გახლავთ ქალაქში და ვერ მოახერხა მოსვლა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი არ იმყოფებოდა ქალაქში, ყველამ ვერ მოახერხა მოსვლა. ზოგი ჩაგვერთო, ზოგი დისტანციურად შეეცდება გაიგოს, იმ ინფორმაციაზე, რომელიც… რომ დავლოდებოდით [თინას], ყრილობა იმართება იმ დროს, როცა თინა ქალაქში იქნება. ყრილობის მოსამზადებელი წინასაორგანიზაციო ეტაპია პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩვენ ვერ დავუმიზნებთ ყველას ლოჯისტიკურ მიზნებს, ქალაქში ყოფნა-არყოფნას. ყრილობაზე რომ უნდა იყოს მოქმედი თავმჯდომარე, ეს აუცილებელი ფაქტორია და იმედი გვაქვს, შემოგვიერთდება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
17 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის მისი კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია.
მანამდე მან ერთი კვირის წინ, 10 ივნისს დაწერა, რომ ერთობლივად შეთანხმდნენ პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შემოერთებაზე.
სააკაშვილის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის, თინა ბოკუჩავასთვის. მისი თქმით, წინა კვირას გამოქვეყნებული პოსტით მან სააკაშვილისგან მხარდაჭერა მიიღო და ამისთვის მადლობაც გადაუხადა.
თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ამოეწურა.
პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარე პარტიის ყრილობაზე აირჩევა. ყრილობა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა.