დღეს, 17 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის მისი კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია.
მანამდე მან ერთი კვირის წინ, 10 ივნისს დაწერა, რომ ერთობლივად შეთანხმდნენ პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შემოერთებაზე.
სააკაშვილის განცხადებით, პარტიაში ძირეული ცვლილებები დაიწყება. ივლისში პარტიულ თანამდებობებზე მყოფთ ვადა ეწურებათ.
სააკაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ყველას შეეძლება, თუმცა მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს.
„ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი.
ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში, რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა“, – დაწერა სააკაშვილმა დღეს, 17 ივნისს.
სააკაშვილის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის, თინა ბოკუჩავასთვის. მისი თქმით, წინა კვირას გამოქვეყნებული პოსტით მან სააკაშვილისგან მხარდაჭერა მიიღო და ამისთვის მადლობაც გადაუხადა.
„მას მადლობა გადავუხადე, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, სწორი მიდგომითა და ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები ენმ-ში, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ეს პოსტი, რომელიც მე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მოგვიანებით განცხადება გააკეთა თავად ნანუკა ჟორჟოლიანმაც.
როგორც მან ტელეეთერებში აღნიშნა, მისთვის სასურველი იყო, რომ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარტიის თანათავმჯდომარე ყოფილიყო – თინა ბოკუჩავას საერთაშორისო ველზე ემუშავა, ხოლო თავად – შიგნით.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კი ის წერს, რომ ის თავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მენეჯერად განიხილავს.
„მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინას თავჯდომარეობით ნაცმოში ჩემი ინტეგრაცია.
როგორც უკვე ვთქვი, ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი, მან იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც შეიძლება მას არ ჰქონდეს. იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა.
ამ პარტიას ჰყავს მთავარი ლიდერი და ის მიხეილ სააკაშვილია, ჰყავს ხაბე, რომელმაც ბევრი იშრომა გუნდისთვის და საერთო საქმისთვის.
ხაბე რომ გარეთ ყოფილიყო, ჩემი საჭიროება არც კი იარსებებდა ნაციონალურ მოძრაობაში. ტყვეობაშია ირაკლი ნადირაძე, რომელმაც წაგებულ ომში შესვლით მონობას თავგანწირვა ამჯობინა.
მე რა შემიძლია გავაკეთო?! პარტიას დავუბრუნო მიშას ტემპი, პრიორიტეტები, როცა მთავარი სახალხოობა იყო, პოლიტიკა – საყველპურო. მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს. იქნებ პოლიტიკას ჰალსტუხის ბოლომდე მოჭერა აღარ სჭირდება. თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ, კრიზისმენეჯერი სჭირდება.
საგარეო ველი უმნიშვნელოვანესია , რასაც კომპეტენცია და სწორი მიდგომები სჭირდება. ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად ადამიანი რომელიც ამ თემას ჩაიბარებს იქნება მცოდნე და კომპეტენტური. ექნება სრული ნდობა და დამოუკიდებლობა. ის ქვეყნის გარეთ და მე ქვეყნის შიგნით.
ახლა კი მთავარი, ეს პარტია უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. ვეტერანები ზურგს გაუმაგრებენ. პარტია დიდი მოლოდინით ხვდება სიახლეებს და მადლობა მათ სწორი და საქმიანი დამოკიდებულებებისთვის, რაც ამ დღეებში დავინახე. ამ საუკუნეში რაც უფრო შეშლილია იდეა , უფრო ეფექტურად მუშაობს, ჰოდა, იქნებ, აქაც იმუშაოს“, – დაწერა მან.
ამის გარდა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „TV პირველს“ განუცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარე არჩევნების გზით უნდა აირჩიონ და ამგვარად ლეგიტიმაციაც ექნება. მისი თქმით, ასევე აინტერესებს ლევან ხაბეიშვილის აზრი. ჟორჟოლიანის თქმით, მნიშვნელოვანია პარტიის წევრებთან შეხვედრა და მათი მოსაზრების გაგება.
თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურება.
პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარე პარტიის ყრილობაზე აირჩევა. ყრილობა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა.