გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ – ამის შესახებ მათ მედიას პროცესის დაწყებამდე განუცხადეს.
არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და პროცესები სრულად დახურულია.
დღევანდელ სხდომას მხარეები და არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლები – მშობლები ესწრებოდნენ.
პროცესის დაწყებამდე ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატმა ქეთევან ვარდანაშვილმა განაცხადა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც პატიმრობის საფუძველი უნდა გახდეს, არ არსებობს.
„სადავოდ გახდილ მტკიცებულებებს სასამართლოზე განვიხილავ, თქვენ ვერაფერს გიპასუხებთ“, – განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა
მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს ნია იმნაძის ადვოკატიც. მისი შეფასებით, „პროკურატურამ წნეხს ვერ გაუძლო“ და ის, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, საკამათოც არაა.
ნია იმნაძე და ანი ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს.
იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება ედება ბრალად, ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
ავალიანის საქმეზე ივლისის დასაწყისში დააკავეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი – გიოგი მალანია. მას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება ედება ბრალად.
პროკურატურის განცხადებით, „ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.“
უწყება ასევე წერს, რომ „გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“.
გიგა ავალიანის საქმეზე უკვე 4 ადამიანია მსჯავრდებული. ოთხივე მათგანი მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო.
ალექსანდრე გაბაშვილს, რომელსაც ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურად ჯანრმთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია, 10 წელი და 6 თვე განესაზღვრა. იგივე სასჯელი მიესაჯა გიორგი რიკაძეს.
კიდევ ერთ მსჯავრდებულს, დემეტრე ჩიქოვანს, რომელსაც ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებოდა, 6 წელი და 9 თვე განესაზღვრა.
ჩიქოვანი ასევე დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში. საბოლოოდ ის პენიტენციურ დაწესებულებაში ჯამში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს.
მეოთხე მსჯავრდებულია ანა ნასყიდაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად.
ნასყიდაშვილს 5 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდნენ.
28 წლის გიგა ავალიანი 23-დღიანი კომის შემდეგ 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გიგა ავალიანის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სახელდება ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.