TI-საქართველო: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება.

ორგანიზაციამ ელისაშვილის სისხლის სამართლის საქმის ვრცელი შეფასება მოამზადა.

ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლომ ვერ შეძლო ტერორიზმის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნის დამტკიცება, რაც პოლიტიკოსის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევის საფუძველს ქმნის.

TI-ის დასკვნით, საქმეში მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ფაქტობრივი გარემოებები და მათთვის მიცემული სამართლებრივი კვალიფიკაცია – სადავო არ არის ცეცხლის წაკიდების მცდელობის ფაქტი, რასაც თავად ბრალდებულიც აღიარებს, თუმცა მთავარი სამართლებრივი ხარვეზი სწორედ ქმედების ტერორისტულ აქტად მიჩნევაში მდგომარეობს.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლომ დანაშაულის მოტივი და ტერორისტული მიზანი ერთმანეთში აურია: ელისაშვილის ქმედება გამოწვეული იყო მკაფიო პოლიტიკური პროტესტითა და ხელისუფლებასთან უკმაყოფილებით, თუმცა პოლიტიკური მოტივი ავტომატურად არ ნიშნავს კანონით განსაზღვრულ ტერორისტულ მიზანს.

შეფასებაში ხაზგასმულია, რომ ტერორისტული აქტის მუხლი მოითხოვს სპეციალური სუბიექტური ელემენტის – ტერორისტული მიზნის – არსებობას.

TI-ის მიხედვით, სასამართლომ ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ ელისაშვილის განზრახვა მოსახლეობის დაშინებას, ხელისუფლების იძულებას ან ქვეყნის ფუნდამენტური პოლიტიკური და კონსტიტუციური სტრუქტურების დესტაბილიზაციას ემსახურებოდა.

მათივე თქმით, მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხანძარს შეეძლო დიდი ზიანის გამოწვევა, მხოლოდ ქმედების ობიექტურ საშიშროებაზე მიუთითებს და იგი ავტომატურად ვერ ქმნის ტერორისტული მიზნის არსებობის პრეზუმფციას. შესაბამისად, ტერორისტული მიზნის დაუმტკიცებლობის გამო, სასამართლო ვალდებული იყო ქმედება გადაეკვალიფიცირებინა სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურების მუხლზე (სსკ-ის 187-ე მუხლი), რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროცესით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული რამდენიმე ფუნდამენტური უფლება. კერძოდ, მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო), რადგან გადაწყვეტილება არ დასაბუთდა და დაცვის მხარის არგუმენტებს პასუხი არ გაეცა;

მე-7 მუხლი (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე), რადგან დაირღვა კანონის განჭვრეტადობისა და ინდივიდუალური ბრალის (mens rea) პრინციპები;

და მე-18 მუხლი, რადგან გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ მძიმე მუხლით მსჯავრდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სამაგალითოდ დასასჯელად და ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის მოხდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE 1900) კრიტერიუმების მიხედვით, პირის ფორმალური მსჯავრდება ტერორიზმის მუხლით არ გამორიცხავს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს, თუ პროცესი არასამართლიანი იყო, ხოლო დაკისრებული სასჯელი – აშკარად არაპროპორციული. სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა.