„მითების დეტექტორი“: 230 AI-გენერირებული ანგარიში ხელისუფლების გზავნილების მხარდასაჭერად

პუბლიკა

Facebook-ზე 230 ყალბი ანგარიში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ხელოვნურად შექმნილი ქსელის ნაწილია – ამის შესახებ „მითების დეტექტორის“ კვლევაშია საუბარი. კვლევის მიხედვით, ამ ანგარიშების პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, ხოლო მათი აქტივობა ძირითადად მმართველი პარტიისა და მისი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, კონკრეტული გზავნილების მხარდაჭერაზეა კონცენტრირებული.

„მითების დეტექტორის“ ანალიზით, ყალბი ანგარიშები ერთმანეთთან მსგავს ფოტოებს, სახელებსა და ქცევის მოდელს იყენებენ. ანგარიშების ნაწილი პროფილზე რეალურ სამუშაო ადგილებსა და სასწავლებლებსაც უთითებს, რაც მათი სანდოობის გაზრდას ემსახურება.

12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში „რუსოფობიის“ გაძლიერება იყო. ორგანიზაციის თქმით, კობახიძემ 2008 წლის ომი „დიფ სთეითს“ დაუკავშირა და რუსოფობიის მაგალითებად რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტები დაასახელა.

ამის შემდეგ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“, ასევე საიფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ Facebook-ში დადო საინფორმაციო ბარათები, ე.წ ქარდები, სადაც ყურადღება საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივებასა და ამ პროცესში „დიფ სთეითის“ როლზე იყო გამახვილებული.

„მითების დეტექტორმა“ ამ პოსტებზე მომხმარებლების მოწონებები შეისწავლა და ყურადღება იმ ანგარიშებზე გაამახვილა, რომელთა პროფილის ფოტოებიც საეჭვოდ გამოიყურებოდა და რომელთა მოქმედებები ერთმანეთის მსგავსი იყო. ორგანიზაციის ანალიზით, გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ანუ CIB-ის ნიშნები. ეს ნიშნავს, რომ ანგარიშები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ და მათი აქტივობა კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მხარდაჭერის გაზრდას ემსახურებოდა.

კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა 230 ყალბი ანგარიში, რომელთა საერთო მახასიათებლები კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაზე მიუთითებს: მათ შორის, AI-ით გენერირებული პროფილის ფოტოები, სხვადასხვა ანგარიშზე იდენტური ფოტოები და ერთსა და იმავე გზავნილზე აქტივობა. 

1.პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული:

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებების ამომცნობი ხელსაწყოს, Hive Moderation-ის თანახმად, 230-ვე პროფილის ფოტო 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია; რამდენიმე შემთხვევაში მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ამასთან, AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმები და გარკვეული დეფორმაციები ვიზუალური დაკვირვებითაც გამოვლინდა.

2.ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირება:

ანგარიშების ნაწილი იყენებს იდენტურ ან ერთმანეთთან ძალიან მსგავს ფოტოებს, მათ შორის ერთსა და იმავე ფოტოს მცირე ცვლილებებით. სხვადასხვა ანგარიშის ვიზუალი ფოტოს გადაღების მანერასა და დეტალებს იმეორებს. რამდენიმე შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშს იდენტური სახელი და გვარი აქვს მითითებული.

3.მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე ხდება:

ქსელი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობისა და ინტერესის მქონე ადამიანების მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნის: ახალგაზრდა და ასაკოვანი, კონსერვატიული და ალტერნატიული, რელიგიური, ოჯახური, სპორტული და დასვენებაზე ორიენტირებული პროფილებით. 

4.პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები რეალურ სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენ:

პროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებელი და სამუშაო ადგილი, მათ შორის თბილსერვისი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური სამსახურები.

5.იკვეთება იდენტური ქცევა:

ანგარიშების უმრავლესობას საქართველოს ქალაქებში გადმოსვლის პერიოდად 2026 წლის 20-24 ივლისის აქვს მითითებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე გენერირებული პროფილებიც გვხვდება.

6.ერთსა და იმავე გზავნილზე კონცენტრირებული აქტივობა:

საეჭვო ანგარიშების მოწონებები “გლობალური ომის პარტიის”, “დიპ სთეითის გეგმის” და “მეორე ფრონტის გახსნის შესახებ” მმართველი პარტიის თავმჯდომარის კონსპირაციული გზავნილების, ასევე “რუსუფობიის” შესახებ ნარატივის შემცველ პოსტებზეა კონცენტირებული, რაც ერთიანობაში მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდის ნიშნებს ატარებს.

„მითების დეტექტორის” თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, სადაც მათ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები გამოავლინეს. AI-გენერირებული პროფილების აქტივობის მსგავსი შემთხვევა 2026 წლის აპრილშიც გამოავლინა, რა დროსაც 75 ყალბი ანგარიში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტებზე აქტიურად გამოხატავდა რეაქციებს. 75 ანგარიშიდან 47 ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ერთი და იმავე ფოტოს მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებდა. ანგარიშების ნაწილი კი წარსულშიც იყო ჩართული სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში.