პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე.

მან ჩვენება დისტანციურად მისცა. დღევანდელ პროცესზე მიქაუტაძემ მხოლოდ ბრალდების მხარის შეკითხვებს უპასუხა, რითაც პროკურატურამ მტკიცებულებების კვლევა დაასრულა.

დახურული სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა თქვა, რომ „რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ 2 შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი“.

მისი თქმით, მოწმემ თავადაც განმარტა, რომ პირადად გადასცა ნაღდი ფული უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს და დავალებაც მიიღო, რომ თანხა მოეთხოვა მეწარმეებისგან.

„მომწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი, პირადად გადასცა და დავალებაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, პროცესებზე დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, როგორ გამოართვა მას მიქაუტაძემ თანხა და ეს შეფუთა, როგორც „სახელმწიფო ინტერესი“.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ საქმეში ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც რომეო მიქაუტაძის მონათხრობს დაადასტურებს, საქმეში არ არსებობს.

მისი თქმით, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც რომეო მიქაუტაძემ დღეს პროცესზე გააჟღერა, მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარდგენილი არ აქვს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ნაცვლად მისთვის ახალი ბრალის წარდგენისა.

„შესაძლოა მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ, ალბათ, განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა.

რას ნიშნავს მოწმის მხრიდან იმგვარი ხასიათის ქმედებაში მისი მონაწილეობის დადასტურება და საკუთარი თავის მხილება? რატომ უნდა უღირდეს და უნდოდეს მას, რომ დაუმძიმდეს სამართლებრივად მდგომარეობა, ანუ მისჯილი წლები გაეზარდოს?“, – ამბობს ადვოკატი.

სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.