სომხეთი ყოველ ახალშობილზე ერთჯერადად 1 400 დოლარის გადახდას გეგმავს

პუბლიკა

ავტორი: ანი ღუნილიანი

სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ 2026 წლის 1 სექტემბერს ან შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისთვის ერთჯერადად 500 000 დრამი (1 400 აშშ დოლარი) გაიცეს. შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი მთავრობამ 2025 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

ეს გადაწყვეტილება ცვლის ოჯახების მხარდაჭერის არსებულ სისტემას, რომელიც ოჯახების მიერ მეტი შვილის ყოლის წახალისებასა და შობადობის დაბალი მაჩვენებლის ზრდას ისახავდა მიზნად. კერძოდ, ახალი სისტემა ბავშვის ოჯახში დაბადების რიგითობაზე დაფუძნებულ მოდელს გააუქმებს და მას ყველა ბავშვისთვის ერთნაირი ოდენობის დახმარებით ჩაანაცვლებს.

ამასთან, დახმარებების გაცემა სრულად ონლაინ და უნაღდო ფორმატში გადავა. ოფიციალური პირების განცხადებით, ონლაინსისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზანია, შეწყდეს ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარებების იმ მოქალაქეებზე გაცემა, რომლებიც უკვე აღარ ცხოვრობენ სომხეთში.

სომხეთის მთავრობა დახმარებას ოჯახში ბავშვის რიგითობის მიხედვით გასცემდა – მეორე და ყოველ მომდევნო ბავშვზე მეტი თანხა გამოიყოფოდა.

2026 წლის აგვისტოს ბოლომდე ოჯახები დახმარებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებენ: პირველი და მეორე ბავშვისთვის – 300,000 დრამი (800 აშშ დოლარი); მესამე და მეოთხე ბავშვისთვის – 1,000,000 დრამი (2,700 აშშ დოლარი); მეხუთე და ყოველი მომდევნო ბავშვისთვის – 1,500,000 დრამი (4,100 აშშ დოლარი).

დახმარების მისაღებად განაცხადის შეტანა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, რომლებიც დროებით საზღვარგარეთ მყოფ სომხეთის მოქალაქეებს ეხება.

ეს ცვლილება მთავრობის უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც უნაღდო გადახდების წახალისებას ითვალისწინებს. ახალშობილის დახმარებასთან ერთად უნაღდო ფორმატზე ასევე გადავა სიღარიბის შემწეობა, გადაუდებელი დახმარება, ორ წლამდე ასაკის ბავშვის მოვლის შემწეობა და პენსიები.

ჯერ კიდევ 2025 წელს მთავრობამ, არსებული ონლაინ განაცხადების წესისგან დამოუკიდებლად, მოქალაქეობისა და რეზიდენტობის საკითხიც განიხილა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა ის შემთხვევები, როდესაც სომხეთში მუდმივად არმცხოვრები პირები მაინც იღებენ ამ დახმარებებს და ამას „ალოგიკური“ უწოდა.

„ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. თუ ადამიანი სომხეთთან დაკავშირებული არ არის, რატომ უნდა გადაიხადოს სომხეთმა?“ – თქვა მან.

შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ მხოლოდ 2024 წელს 1 450 ერთჯერადი დახმარება გაიცა  საზღვარგარეთ დაბადებულ იმ ბავშვებზე, რომელთა მშობლებსაც ისინი სომხეთის სამოქალაქო რეესტრში ჯერ არ ჰყავდათ დარეგისტრირებული.

მან განმარტა, რომ ეს გაცემები ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 600 მილიონი დრამი (1.6 მილიონი აშშ დოლარი) უჯდებოდა.

„ახლა ამ საკითხსაც შემდეგი ლოგიკით ვაწესრიგებთ: თუ ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ისინი დაბრუნდებიან, დარეგისტრირდებიან და სომხეთის მოქალაქეობას მოითხოვენ, თანხას მიიღებენ; თუ ამას არ გააკეთებენ, თანხას ვერ მიიღებენ“, – განმარტა ტოროსიანმა.

დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა იმ თვის ბოლო დღე, როდესაც ბავშვს ერთი წელი შესრულდება.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.