„დავაკავეთ პირი, რომელიც აშშ-ს მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით იძებნებოდა - შსს

პუბლიკა

ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის იძებნებოდა – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, მამაკაცი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების, მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენისა და აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა.

ქართულმა პოლიციამ იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენისას დააკავა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ძებნილმა პირმა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჯგუფება ჩამოაყალიბა, ამავე მიზნით, ასევე, შექმნა ფინანსური დახმარების ქსელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული დაჯგუფების ლიდერი და წევრები აქტიურ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ სირიაში, ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“.

ამასთან, დაკავებული, სხვადასხვა პირს სირიაში საბრძოლველად გამგზავრებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნულში დახმარებას სთავაზობდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.