„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ - ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაანონსებულ წერილს ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი „ციხეში ჩასმა და პოლიტიკური განადგურება იყო“.

ღარიბაშვილის მტკიცებით, მის მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. წერილში ირაკლი ღარიბაშვილს კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ეს „წითელი ხაზი“ იყო და „იძულებულს ხდიან“ დაიწყოს ბრძოლა.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა…“, – წერს ღარიბაშვილი.


17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დღეიდან მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.

მანვე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და მისთვის უცნობ კორუფციულ საქმეზე აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს.

წერილში ნათქვამია:

​„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა” და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.

ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:

ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ, თვითონ როგორც შემოგვთავაზეს;

(მეორე ვარიანტი – კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5-წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება.

გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ”, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე არ იფიქრო“.


2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

ღარიბაშვილის უფლებადამცველი, ლილი გელაშვილი ოქტომბერში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დაუსაბუთებელი შემოსავლის გამო წარედგინა და უკანონო შემოსავლების მიღება არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას.