2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.
თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან მივიდა. მან უწყებაში შესაბამისი განაცხადი შეიტანა. თამაზაშვილს არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და მიიჩნევს, რომ მისი მკვლელობის საქმე „ჩაფარცხეს“. ქალი აპირებს, პროკურატურასთან საპროტესტო აქცია ყოველდღე გამართოს მისი მოთხოვნის შესრულებამდე.
თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „დარწმუნებულია“, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“.
„არ ვიცი მე, დაავალეს და ისე მოაძებნინეს თამუნას თუ შემთხვევით მოხვდა მის ხელში. ფაქტია, რომ კომპრომატების გამო არ არის ჩემი შვილი ცოცხალი“.
მან ახსენა სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
თამაზაშვილი ამბობს, რომ სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან „პირდაპირი კავშირი აქვს“.
„მაშინაც რომ ვადებდით ხელს და არ იყო მისი ბრალეულობა გამოკვეთილი, „მე არ მომიკლავს თამარ ბაჩალიაშვილიო“. იმაზე გააკეთა მინიშნება, რომ ჩემი დაკვეთით არ მომხდარა და სხვისი დაკვეთით მოხდაო. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ქოლცენტრი, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. ლილუაშვილი რომ დაჭერილია, ქოლცენტრები გაქრნენ და აღარ ფუნქციონირებენ? გამოიძიონ“, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
თეონა თამაზაშვილის მხარდასაჭერად პროკურატურასთან მივიდა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„სულ რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს ჩემგან მხარდაჭერა სჭირდებოდათ და, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ მოვაშურე მათ. მე მინდა იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. აი, ერთი ადამიანი რომ სჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი მე მუდამ ვიქნები მათ გვერდით.
საზოგადოების თანადგომას ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი შეუძლია ხალხის ძალას და ყველამ უნდა გამონახოს დრო, თუკი ამ ხალხს ჩვენი გვერდით დადგომა დასჭირდება, უნდა დავუდგეთ. ჩვენ იმისთვის არ დაგვიზრდია კარგი გიგა, თამარი, კარგი ნიკო და ასე შემდეგ, არ ჩამოვთვლი ბავშვებს, არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, რომ მერე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინოს. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე“, – თქვა ეკა კუპატაძემ.
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 2020 წლის 18 ივლისს გავიდა და დაიკარგა. მას პოლიცია და მოხალისეები 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 2020 წლის 22 ივლისს ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის მიმდებარე ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. პროკურატურამ განაცხადა, რომ „საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტური ინტოქსიკაცია“.
პროკურატურის განცხადებით, გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, იმ დღეს, როცა ცხედარი იპოვეს.