ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ სამიტზე მიიწვია

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტის მთავარი თემებია კვლევა, მეცნიერება და უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.

„დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება.

სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა.

ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს.

ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს“, – ადმინისტრაციის ცნობით, ნათქვამია მიწვევაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული წერილი
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული წერილი