უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის შესაძენად 6.1 მილიარდი ევროს ახალი დაფინანსება დაამტკიცა. თანხა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარების შეძენას მოხმარდება.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახალი დაფინანსება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა შეურყეველი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევრო იმ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალებისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროპა უკრაინას დაეხმარება მოსახლეობის დაცვასა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ახალი დაფინანსება უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის, UASL-ის ნაწილია. ევროკომისია აცხადებს, რომ დახმარების გაძლიერება განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით თავდასხმების გახშირების ფონზე. მხოლოდ ივლისში უკრაინაზე 376 სარაკეტო დარტყმა დაფიქსირდა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით დამტკიცებული 6.1 მილიარდი ევრო ემატება უკვე შეთანხმებულ 16 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვითი შესყიდვების გეგმებს. ამ თანხიდან 8.35 მილიარდი ევრო უკვე გაცემულია.
შესყიდვების უმეტესობა ევროკავშირის თავდაცვითი კომპანიებისგან განხორციელდება. ევროკომისია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების გამოყენების ზრდის გამო აუცილებელია ევროკავშირიდან უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდა, არსებული მარაგების გამოყენება, შეკვეთების პრიორიტეტების გადახედვა და წარმოების გაფართოება.
UASL-ის ფარგლებში 2026-2027 წლებში უკრაინისთვის 30 მილიარდი ევრო საბიუჯეტო დახმარებისთვის, ხოლო 60 მილიარდი ევრო თავდაცვის საჭიროებებისთვის არის გათვალისწინებული. მათ შორის, 2026 წელს უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობების გასაძლიერებლად 28.3 მილიარდი ევროა გამოყოფილი.
ევროკომისიის ინფორმაციით, უკრაინა თანხის მისაღებად თავდაცვით კომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტებს წარადგენს. ევროკომისია მათ შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება თანხების გამოყოფა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის თებერვალში ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიიღეს რეგულაცია, რომლის საფუძველზეც უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი შეიქმნა. პროგრამა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო ფუნქციების, საჯარო სერვისებისა და ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
2022 წლიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას საერთო ჯამში 220.2 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს, მათ შორის 3.8 მილიარდი ევრო რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების სახით.