ადვოკატი: ღარიბაშვილის ცალსახა პოზიციაა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის მიმართ

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი „არ აღიარებს მისთვის დღეს წარდგენილ ბრალს და სამართლებრივ ბრძოლას აპირებს“.

ადვოკატის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არც კი მოაწერა.

ლილი გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. […] მისი ცალსახა პოზიციაა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის მიმართ“, – თქვა ლილი გელაშვილმა.

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ და რა პოლიტიკური ინტერესით დევნის ირაკლი ღარიბაშვილს, ადვოკატს დეტალური პასუხი არ გაუცია და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თავად ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში იყო საუბარი.

„მე, როგორც ადვოკატს, მიმაჩნია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი“, – ამბობს ადვოკატი.

დღეს, 24 აგვისტოს პროკურატურამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას „გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მიმართა” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდადებულმა ვასილ მხეიძემ და „გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია”. ასევე, „გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც”.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ საიდუმლო შესყიდვებს ეხება. გამოძიების თანახმად, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი ვასილ მხეიძე ერთ-ერთ ბიზნესმენს დაჰპირდნენ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში მასთან დაკავშირებული კომპანიები გარანტირებულად გაიმარჯვებდნენ. სანაცვლოდ ბიზნესმენს ხელშეკრულებების ღირებულების დაახლოებით 10%-ის გადახდა მოსთხოვეს.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო, აღნიშნულ სქემას „სამსახურებრივი მფარველობა გაუწია და ასევე მოითხოვა უკანონო ფინანსური სარგებლის მიღება“.

გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.

უწყების განცხადებით, აღნიშნული სქემით სახელმწიფოს 6.98 მილიონ ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი მიადგა.


იქამდე, 2025 წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

ღარიბაშვილის უფლებადამცველი, ლილი გელაშვილი ოქტომბერში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დაუსაბუთებელი შემოსავლის გამო წარედგინა და უკანონო შემოსავლების მიღება არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას.