ავტორი: ლანა კოკაია
მოსკოვის სასამართლომ საქართველოში მცხოვრებ ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცს რუსული არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მოსკოვის ნაგატინსკის სასამართლომ დაკავების მოთხოვნა 21 აგვისტოს დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევშიცს წინასწარი პატიმრობა ორი თვით შეეფარდება რუსეთში მისი ექსტრადიციის ან ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.
უცნობია, კონკრეტულად რა განცხადებები გააკეთა ლევშიცმა რუსეთის არმიის შესახებ, რომლებიც საქმის საფუძველი გახდა.
ლევშიცს რუსეთში დაბრუნების ან რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლევშიცი საქართველოში 2019 წელს ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს ბიზნესმენ მიხეილ ხოდორკოვსკის საქმესთან დაკავშირებით. მოგვიანებით მან საქართველოში Telegram-ის არხი და სოციალური მედიის სხვა გვერდები შექმნა.
რუსულენოვანი ბლოგერი საქართველოში მყოფი რუსებისთვის პოპულარულ საინფორმაციო Telegram-არხს მართავს. ის Facebook-სა და Instagram-ზე რეგულარულად აქვეყნებს წერილობით, ფოტო და ვიდეომასალას საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სპორტული ცხოვრების შესახებ. ლევშიცს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ანტისაომარ აქციებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიმართა.
2025 წლის მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ლევშიცი „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა. 2026 წლის ივლისში კი რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (როსფინმონიტორინგი) ის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატა.
OC Media-მ ლევშიცს ჰკითხა, კონკრეტულად რომელი პუბლიკაციები ან განცხადებები გახდა საქმის საფუძველი და როგორ აფასებს ის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ბლოგერმა თქვა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მოქმედ რუსულ ანტისაომარ ჯგუფებსაც დაუპირისპირდა. აგვისტოს შუა რიცხვებში რუსეთმა ბათუმში დაფუძნებული რუსული ანტისაომარი ჯგუფი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა – ამ სტატუსმა შესაძლოა ასეთ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირები რუსეთში სისხლის სამართლის დევნის წინაშე დააყენოს.
რუსეთმა შეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ კანონი 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე მიიღო. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამ კანონს ანტისაომარი აზრის ჩახშობისა და კრემლის კრიტიკოსების დევნის ინსტრუმენტად აფასებენ. „ცრუ ინფორმაციის“ ან „დისკრედიტაციის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ასობით ადამიანი მიეცა, მათ შორის ჟურნალისტები, ბლოგერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
რუსეთის ხელისუფლება უცხოეთში მცხოვრები დისიდენტების წინააღმდეგ მსგავს ბრალდებებს სულ უფრო ხშირად იყენებს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.