ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიასს შეხვდა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიასს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

„პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება“, – ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.


2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა,  მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი“, – წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნების“ არაერთ წარმომადგენელს.