ზახაროვა: გავაგრძელებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას მათი სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს „სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცების საქმეში დახმარების“ გაგრძელებას ჰპირდება.

საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება ვებგვერდზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 18 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

ზახაროვას განმარტებით, მოსკოვი აფხაზეთთან და ცხინვალთან „სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის განმტკიცებას“ გეგმავს.

„26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ დღესასწაულს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათი ბედისწერისთვის – აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების დღეს.

რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტოს გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. ამ გადაწყვეტილებამ დაასრულა ორივე რესპუბლიკის ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, იხსნა ისინი „საქართველოს მაშინდელი კრიმინალური რეჟიმის მიერ დაგეგმილი განადგურებისგან“ და საფუძველი ჩაუყარა მათი ბედნიერი მომავლის მშენებლობას.

რუსეთის წვლილი რეგიონში ვითარების ნორმალიზებაში, „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ კონფლიქტის ესკალაციისკენ წაქეზების ფონზე, ამ დღესასწაულს ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანს ხდის.

ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. 2008 წლის 9 სექტემბერს მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, ხოლო 17 სექტემბერს ხელი მოაწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებებს.

ამჟამად ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდა რესპუბლიკებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში და საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებაში. ვმუშაობთ ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებასა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაზე.

ვაპირებთ გავაგრძელოთ მეგობარი ქვეყნებისთვის ფართო დახმარების გაწევა მათი სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცებაში.

გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ფასეულობების შესანარჩუნებლად. ვუსურვებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოძმე რესპუბლიკებს მშვიდობას, სიკეთეს და კეთილდღეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.


13 მაისს რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს ხელი.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ის „მიმართულია მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, შეთანხმებული საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის გატარების, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების, სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციისა და მხარეებს შორის კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით“.

ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ „მხარეები გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნისკენ, მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლებისკენ, ასევე საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების განხორციელების ერთიან წესზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფისკენ“.