განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემენ.
მისი თქმით, ეს შესაძლებლობა მხოლოდ წელს, საგამონაკლისო სახით მოხდება. მანვე განმარტა, რომ მეორადი ჩარიცხვების პრაქტიკა უკვე წლებია, აღარ მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში ჩარიცხვისას.
„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ”, – თქვა მიქანაძემ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამებზე.
მისივე ცნობით, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში 7 000-ზე მეტი ადგილია ვაკანტური.