თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
ლილუაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება საპროცესო გარიგებისა და ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მისცა.
საქმე ეხება მიქაუტაძის 17 აგვისტოს ჩვენებას – ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიდიოდა და სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, თანხას პირადად გადასცემდა და რომ თანხის გადაცემა ლილუაშვილის კაბინეტში ხდებოდა – პროკურატურა ამბობს, რომ „რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ 2 შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი“. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, პროცესებზე დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, როგორ გამოართვა მას მიქაუტაძემ თანხა და ეს შეფუთა, როგორც „სახელმწიფო ინტერესი“.
სუსის ყოფილი უფროსის ინტერესების დამცველი ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ მიქაუტაძის ჩვენება სიმართლე არ არის, მაგრამ ციხის დასატოვებლად „მზად არის, არჩადენილი დანაშაულიც კი დაიბრალოს“. ადვოკატი ამბობს, რომ ამას მიქაუტაძეს ცოლი სთხოვს.
„მანამ, სანამ პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს ამ სისხლისსამართლის საქმეზე გამოჰკითხავდა, მასთან იყვნენ შესულები ოჯახის წევრები. მეუღლე იყო შესული, რომელმაც ფაქტია, რომ დაარწმუნა.
თავად საუბრობს იმაზე, რომ ეს არის ოჯახის თხოვნა. ადამიანი, რომელიც თანახმა არის, რომ საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ საკუთარ თავზეც კი დაიბრალოს ის დანაშაული, რომელიც თავად განმარტავს, რომ არ ჩაუდენია, ეს ადამიანი საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ წამსვლელი არის იმაზე, რომ სხვა ადამიანს დააბრალოს დანაშაული, რომელიც იმ სხვა ადამიანს არ ჩაუდენია.
დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს არის მისთვის [მიქაუტაძისთვის] გადარჩენის გზა, ის ცდილობს ამით, რომ დატოვოს საპატიმრო-აღსრულების დაწესებულება, რისთვის რა მიზნითაც თავადაც საუბრობდა, რომ ითხოვდა საპროცესო შეთანხმებას“, – თქვა ადვოკატმა.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ „ტვ პირველის“ სიუჟეტი წარმოადგინა, რომელშიც რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ „გრიგოლ ლილუაშვილთან ჰქონდა გარკვეული კომუნიკაცია და ამ თემას ეხლა არ ჩავშლი“.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ „როგორ პროფესიონალურ დონეზე მომზადებულიც არ უნდა იყოს სიუჟეტი, მტკიცებულებების ჭრილში ვერ იქნება განხილული“.
ლილუაშვილის ადვოკატის განცხადებაზე ბერძენიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.
სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
რაც შეეხება რომეო მიქაუტაძეს – მას 10-წლიანი პატიმრობა 16 მარტს მიუსაჯეს.
მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და ფულის გათეთრებას ედავებოდა. მისი საქმე 9 სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავდა.