პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიდიოდა და სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, თანხას პირადად გადასცემდა. მისი თქმით, თანხის გადაცემა ლილუაშვილის კაბინეტში ხდებოდა.
ამის შესახებ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
პროკურორის განმარტებით, ლილუაშვილის საქმეზე მოწმედ დაკითხულმა რომეო მიქაუტაძემ სასამართლოსთვის ისაუბრა იმაზეც, რომ სუსის შენობაში მისასვლელად საშვის შემოწმებისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლა უწევდა.
ბერძენიშვილის თქმით, გამოძიებას აქვს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც მიქაუტაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას ამყარებს. კერძოდ, პროკურორის განცხადებით, დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც სასამართლოს წინაშე არსებითად იგივე ინფორმაცია დაადასტურა, რაზეც მანამდე რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა.
„დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც შინაარსობრივად, არსობრივად და აზრობრივად ზუსტად ის ინფორმაცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე, რაზეც ისაუბრა გასულ პროცესზე მოწმე რომეო მიქაუტაძემ. შესაბამისად, რომეო მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას ეს გარემოებაც ამყარებს“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც რომეო მიქაუტაძის მხრიდან გრიგოლ ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემას ჰქონდა ადგილი, გამოძიებამ შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია გამოითხოვა. მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტტრაფიკის შესწავლის შედეგად კი, როგორც ბერძენიშვილი ამბობს, დადგინდა, რომ ორივე პირი ერთსა და იმავე პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდა.
„გარდა ამისა, როდესაც საუბარია პერიოდზე, როცა თანხა გადაეცა უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია და მათი მობილური ტელეფონის და ინტერნეტტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთსა და იმავე პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა ქრთამის გადაცემის ფაქტს“, – აღნიშნა მან.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა მტკიცებულებებითაც არის გამყარებული და მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
ბერძენიშვილმა ასევე განმარტა, რომ დაცვის მხარის მიერ იმაზე აპელირება, თითქოს თანხის გადაცემას სხვა პირი ფიზიკურად არ შესწრებია, საქმეზე არსებით გავლენას ვერ ახდენს. მისი თქმით, ქრთამის მოთხოვნა და გადაცემა ისეთი ქმედებებია, რომლებიც, როგორც წესი, საჯაროდ და მრავალი ადამიანის თანდასწრებით არ ხდება.
„რაც შეეხება იმ მოცემულობას, რომ სხვა მოწმე, ვინც ფიზიკურად შეესწრო თანხის გადაცემას, დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარია ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე და ბუნებრივია, მსგავსი დანაშაული ქმედებები სახალხოდ, საჯაროდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასწრების ფორმატში არ ხდება. ეს ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში“, – განაცხადა პროკურორმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უშუალოდ რომეო მიქაუტაძე მიდიოდა თუ არა სუსში და გადასცემდა თუ არა თანხას გრიგოლ ლილუაშვილს, ბერძენიშვილმა უპასუხა: „კი, ბატონო. როგორც მოწმე აცხადებს, ასეა“.
მისივე ინფორმაციით, მიქაუტაძემ სასამართლოს მოუყვა, რომ სუსის შენობაში შესვლის შემდეგ საშვის შემოწმებისა და სხვა პროცედურების გავლით შესაბამის კაბინეტამდე ადიოდა.
პროკურორის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიებამ სხვა პირებიც დაკითხა, რომლებიც მანამდე უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან იყვნენ ნამყოფი. მათი ჩვენებებით, ლილუაშვილთან ვიზიტორების აყვანის პროცედურა ერთნაირი არ ყოფილა.
„მოწმემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის შემოწმებისა და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე. სხვათა შორის, ამ მიმართულებით დაკითხულნი არიან სხვა პირები, რომლებიც მანამდე ნამყოფი იყვნენ უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან, მათი ასვლის პროცედურა რაც არის… ასევე დაცვის წევრების მიერ ფიქსირდება ასვლის პროცედურა, რომ ეს არ ხდებოდა აუცილებლად საშვით, გაჩხრეკით და ა.შ. ანუ ეს იყო სრულად ბრალდებულზე დამოკიდებული, როგორ აიყვანდა მასთან ვიზიტორს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ეს გარემოებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტობრივი მონაცემები აძლიერებს რომეო მიქაუტაძის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობას.
პროკურორის განცხადებით, რომეო მიქაუტაძის თქმით, ბიზნესმენებს ის უხსნიდა, რომ თანხის გადაცემა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა. ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნული გარემოება ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა დაკითხვისას.
„როგორც მოწმემ განაცხადა, ბიზნესმენებს ის განუმარტავდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს დაკითხვისას ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა. ეს მოცემულობა შეფუთული იყო სახელმწიფო ინტერესით, თუმცა ეს იყო მხოლოდ სახელწოდება და, რა თქმა უნდა, ცხადზე ცხადი იყო ამ პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, რომ ეს ყოველივე არანაირ სახელმწიფო ინტერესს არ ემსახურებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.
ბერძენიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ თანხა რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილისთვის კაბინეტში მიჰქონდა და, როგორც თავად თქვა, ის თანხა ჩანთით ჰქონდა.
„კი ბატონო, ჩანთით ჰქონდა. შენობაში ყოფნას რაც შეეხება, ჩვენ დავკითხეთ დაცვის თანამშრომელი, რომელსამე ადასტურებს, იმავე სართულზე ნანახი ჰყავს, მაგალითად, რომეო მიქაუტაძე“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტებმა პროკურორს ასევე ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, რომ გამოძიების მიხედვით, რომეო მიქაუტაძესაც ბრალი წარედგინოს, ვინაიდან ის თანხას ლილუაშვილთან მიიტანდა.
ბერძენიშვილის განცხადებით, საქმეში მრავალი პირის მონაწილეობა იკვეთება, თუმცა კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე მისი ქმედებისთვის დანაშაულის დარქმევა შეუძლებელია.
„ამ საქმეში ბევრი პირის მონაწილეობა იკვეთება. მე წინსწრებით ვერ დავარქმევ დანაშაულს, ვიდრე ამა თუ იმ პირის მიმართ არ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული ზოგადად და ვერ დავარქმევ კონკრეტულ ქმედებას დანაშაულს, თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით. მე ვსაუბრობ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. ზოგადად, ნებისმიერ საქმეში თუ გამოიკვეთება სტანდარტი, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება რომეო მიქაუტაძის მიერ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, პროკურორმა ამას თანამშრომლობა უწოდა. მისი თქმით, დაცვის მხარის მხრიდან იმის ხაზგასმა, თითქოს მიქაუტაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს მხოლოდ გარკვეული ბენეფიტების მისაღებად და თითქოს ასეთი თანამშრომლობა ცალკე დანაშაულია, არასწორი მიდგომაა.
„რაც შეეხება რომეო მიქაუტაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამას ჰქვია თანამშრომლობა. პროცესზეც გაჟღერებულია, რომ თითქოსდა და ეს ადამიანი თანამშრომლობს იმიტომ, რომ ბენეფიტები მიიღოს და ეს საკითხი იფუთება ისე, თითქოს რომ თანამშრომლობა ცალკე დანაშაულია – რა თქმა უნდა, არა. გამოძიებასთან თანამშრომლობა, სასამართლოში სიმართლის თქმა, ეს ყველაფერი არის ძალიან დასაფასებელი და შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, გულწრფელი აღიარება, თუ ინფორმაციის მოწოდება აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამასთან, პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მომავალში რომეო მიქაუტაძის მიმართაც დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ შესაბამისი სტანდარტი გამოიკვეთება.
„მე არ გამომირიცხავს, მე უბრალოდ, მოცემულობა აღვწერე, რასაც დაცვის მხარე ფუთავს ისე, რომ თითქოს ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა პირის ქმედებას კანონის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის შესაბამისად ექნება კანონისა სამართლის ფარგლებში გადაწყვეტილება“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.