„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი სამხარაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უწოდებს „თვითაღიარებულ კრიმინალს, რომელიც „ასავალ-დასავლის“ დონეზე დაეშვა“.
სამხარაძე წერს:
„მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან „ქართული ოცნების” და პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო – მე, როგორც პარტიის რეგიონალურ მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია.
მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ – ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – „ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა“.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები „ბოდვებია, რომლებიც არ ექვემდებარება რაციონალურ მსჯელობას“.
„მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს – ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე“, – წერს სამხარაძე.
პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში „ასავალ-დასავლის“ ხშირი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები დასვა. მანვე კობახიძე-მდინარაძის მმართველობა დაუკავშირა საქართველოში მომხდარ რამდენიმე თვითმკვლელობას.