ბოლო განახლება, რაც თბილისში აქციების დროს დაკავებული დენის კულანინთან დაკავშირებით ვიცით – მიგრაციის დეპარტამენტის 1 სექტემბრის შუამდგომლობაა.
როგორც კულანინის ადვოკატი ციალა რატიანი წერს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობაში კულანინის რუსეთში გაძევების გარდა მოთხოვნილია მისთვის ვადის მიცემა მესამე ქვეყანაში წასასვლელად.
„გავეცანი მიგრაციის დეპარტამენტის 2026 წლის 1 სექტემბრის შუამდგომლობას დენის კულანინის საქართველოდან გაძევების თაობაზე. მიგრაციის დეპარტამენტი ითხოვს რომ დენის კულანინი გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში. ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტი ითხოვს, რომ დენის კულანინმა სასამართლოს ბრძანებით 7 დღის ვადაში დატოვოს საქართველო და მას საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს 5 წლის ვადით.
ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების 7 დღიანი ვადის ათვლა დაწყება სასამართლოს ბრძანებიდან, რომელიც მიღებული იქნება 1 თვის განმავლობაში. სასამართლო იმედია მისცემს დენის კულანინის 7 დღიან ვადას, რომ მან ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო”, – წერს რატიანი.
კულანინის მხარდამჭერები ამბობენ, რომ თუ მას რუსეთში გააძევებენ, მას სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს.
რატომ არის დენისისთვის საფრთხე რუსეთში
„თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ ნებისმიერი პოსტი იქნება თუ განცხადება, რომელიც იქნება რუსეთის მხილება ომში ან უკრაინის მხარდაჭერა, როგორ ისჯება რუსეთში. დენისმა ციხიდან რამდენიმე წერილი გამოაგზავნა, სადაც აქტიურად უჭერს უკრაინას მხარს და გმობს რუსეთის ქმედებებს.
შესაბამისად, თუ მისი [გაძევება] მოხდება რუსეთში, მას სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს”, – ამბობს კულანინის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.
ვინ არის დენის კულანინი
დენის კულანინი წარმოშობით დონის როსტოვიდან არის, დაიბადა 1995 წლის 26 იანვარს. მისი მეგობრების ცნობით, 2017 წლიდან კულანინი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში. ის ასევე იყო ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მოხალისე.
აქტივისტს მარინა მესხის ცნობით, 2021 წელს ის ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე დააკავეს და ჯარიმა დაეკისრა.
2022 წლის სექტემბერში საქართველოში გადასვლის შემდეგ კულანინმა განაგრძო ანტიპუტინისტურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ასევე მონაწილეობდა საქართველოში რეპრესიული კანონების მიღების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში.
დაკავება – თბილისი, 2025
კულანინი თბილისში, 2025 წლის 28 მარტს დააკავეს – რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
2026 წლის 27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა ის შეიწყალა, თუმცა ის შემდეგ მიგრაციის სამსახურმა დააკავა.
დენის კულანინის განცხადებები უკრაინასა და რუსეთზე
საქართველოში პატიმრობის პერიოდში კულანინი განაგრძობდა უკრაინისადმი მხარდამჭერი წერილების გავრცელებას. მისი ერთ-ერთი წერილი 24 თებერვალს გავრცელდა – უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 4 წლის თავზე. დენისი წერს:
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ვინც იცის, რაზე ვსაუბრობ. საშინელი დანაკარგები, საშინელი ტკივილი, სიბრაზე და უპატიებლობა მათ მიმართ, ვინც დუმს, დუმდა და აგრძელებს დუმილს იმის შესახებ, რაც უკრაინაში ხდება.
მსურს, ბოდიში მოვუხადო ყველა უკრაინელს ჩემი სამშობლოს გამო თუმცა ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ვერავის დაეხმარება და ვერაფერს შეცვლის. გვაპატიეთ, რომ ჩვენმა ხალხმა დაუშვა ეს. მთელი გულით ვიყავი და ვიქნები თქვენთან, რაც არ უნდა მოხდეს. არასოდეს დავდგები მათ გვერდით, ვინც მხარი დაუჭირა თქვენს სამშობლოზე თავდასხმას.
რუსებს მინდა ვთხოვო, ნუ შეეშინდებათ საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის. მათ ვინც წინააღმდეგია, მაგრამ რუსეთში რჩება – მიიღეთ სერიოზული გადაწყვეტილება და დატოვეთ ქვეყანა, რომ მაინც არ გადაიხადოთ ამ სისასტიკისთვის. ხოლო ვინც უკვე წავიდა, ნუ შეგეშინდებათ თქვათ Слава Ураiнi! Свобода России! (დიდება უკრაინას! თავისუფლება რუსეთს!)“, – წერს კულანინი წერილში.
კიდევ ერთ წერილში, რომელიც 2025 წლის 19 ივნისით თარიღდება, კულანინი წერს:
„მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხარ, უკრაინელი თუ რუსი, ჩვენ ყველას თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმისა და დიქტატორების გარეშე. ვისაც ეს არ უნდა, ამ წერილს არც წაიკითხავს. მე ჩემიანებს მოგმართავთ.
საქართველოს თავისუფლებას ვუსურვებ! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა.
უკრაინას — დიდება და მშვიდობა!
რუსეთს — თავისუფლება პუტინის რეჟიმისგან!”, – წერს ის.
ამავე წერილში ის ასევე ციტირებს ალექსეი ნავალნის ფრაზას – „ყველაფერი, რაც ბოროტების ზეიმისთვისაა საჭირო — კეთილი ადამიანების უმოქმედობაა“.
Amnesty International“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას რუსეთის მოქალაქე დენის კულანინის რუსეთში იძულებით დაბრუნება.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კულანინს რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება.
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევის განცხადებით, კულანინი საჯაროდ შეეწინააღმდეგა რუსეთის ომს უკრაინაში და მხარდაჭერა გამოუცხადა ალექსეი ნავალნის – რუსეთში ეს ორივე ქმედება შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის საფუძველი გახდეს.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ის რუსეთში არ გააძევონ, რადგან ამჟამინდელი, მკაცრი რეპრესიების პირობებში, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოსულ განსხვავებული აზრის მქონე პირებს ეხებათ, მას შესაძლოა დაემუქროს თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის, წამებისა თუ სხვა სახის არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე“, – განაცხადა კრივოშეევმა.