კინოცენტრმა „ოსკარზე” ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარადგინა

პუბლიკა

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წელს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე, „ოსკარზე“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში, საქართველოს სახელით იქნება წარდგენილი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან კოღუაშვილის „გურია“ ტრაგიკომედიაა, რომელიც 90-იანი წლების გურიაში მცხოვრები ადამიანების სიყვარულს, გაჭირვებას, ყოველდღიურ სირთულეებსა და იმდროინდელ მძიმე სოციალურ რეალობას ასახავს.

ლევან კოღუაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერია ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფილმი ფარული კენჭისყრით შეარჩია კომისიამ, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხუთი ფილმი მონაწილეობდა: 

„მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. პროდიუსერი შპს „ვაგონეტი“; 

„ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი შპს NB STUDIO; 

„გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, პროდიუსერი შპს „ნიკოლოზფილმსი“; 

„მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი შპს „ზაზაფილმსი“;

„გურია“,
რეჟისორი ლევან კოღუაშილი, პროდიუსერი „კინო იბერიკა“.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს”, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით. 

ფილმი „გურია” საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის თანაწარმოებაა.

საქართველოს კინოცენტრი ერთადერთი სახელმწიფო კინოფონდია, რომლის მიზანია ქართული კინოს განვითარება, წარმოების, დისტრიბუციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

2023 წლის აგვისტოდან 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე. ბოიკოტს წინ უძღოდა მაშინდელი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დაანონსებული „რეფორმა“ და „საკადრო წმენდა“.