ადვოკატის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარაზე ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ ცნობს

პუბლიკა

ადვოკატის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარაზე ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

„ბრალი წარუდგინეს 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას. ბატონი თამაზი არ ეთანხმება ბრალს. მისი ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია. საქმის მასალები ახლა გადმომეცა, უნდა გავეცნო. თავს უდანაშაულოდ ცნობს“,- აცხადებს ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი.

პროკურატურაში აცხადებენ რომ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს. მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს დაახლოებით 17:00 საათისთვის თავის სახლთან შეაჩერეს. პოლიციელებმა ელიზბარაშვილი მანქანიდან გადმოიყვანეს და განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მისი პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ.

თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ჩართულ Facebook Live-ში ისმის, რომ შსს-ს თანამშრომელმა მას მიზეზად 30 აგვისტოს მომხდარი შემთხვევა დაუსახელა. მოგვიანებით ჩხრეკა ჩატარდა ელიზბარაშვილის სახლშიც. თავად თამაზ ელიზბარაშვილი 31 აგვისტოს ჰყვებოდა, რომ 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში დაახლოებით რვა პირმა გზა გადაუღობა და მათთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, მათ შორის, ელიზბარაშვილის მიერ დაფიქსირებული პროუკრაინული პოზიციის გამო.

ელიზბარაშვილი ჰყვებოდა, რომ სიტყვიერ დაპირისპირებას მისი ცოლიც შემოესწრო. მან მასთან დაპირისპირებულ პირებს უთხრა, რომ ცოლის გარეშე დაბრუნდებოდა და მერე გაეგრძელებინათ კამათი, თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი რესტორანში აღარ დახვდნენ. ელიზბარაშვილი თავის Facebook Live-ში მათგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა.