ზედიზედ მესამე მოსამართლემ თქვა უარი სომხეთის კათალიკოს გარეგინ II-ის საქმის განხილვაზე

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

სომეხმა მოსამართლე ვაჰაგან მელიქიანმა კათოლიკოს გარეგინ II-ისა და კიდევ ექვსი მაღალი რანგის სასულიერო პირის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე უარი თქვა და საქმეს ჩამოშორდა. ის ბოლო ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში უკვე მესამე მოსამართლეა, რომელიც საქმეს ჩამოშორდა. 

ბრალდების თანახმად, გარეგინ II-მ უარი თქვა, ეკლესიაში აღადგინოს ეპისკოპოსი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ინიციირებულ საეკლესიო რეფორმებს უჭერდა მხარს.

ვაჰაგან მელიქიანმა, რომელიც ერევნის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სისხლის სამართლის სასამართლოს თავმჯდომარეა, საკასაციო სასამართლოს მიმართა და საქმის ტერიტორიულ იურისდიქციასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა მოითხოვა.

სომხეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც საქმის წარმოება მიიღო, უფლება აქვს, წინასწარი სხდომების დანიშვნამდე გაასაჩვროს საკუთარი იურისდიქცია.

ასეთ შემთხვევაში საკითხი ხუთი დღის ვადაში „საბოლოოდ უნდა გადაწყდეს“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, საქმე ერევანში განიხილება თუ არმავირში.

საქმის განხილვა 7 აგვისტოს დაიწყო ვაღარშაპატში, არმავირის პროვინციაში, სადაც წმინდა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი მდებარეობს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არმავირის მოსამართლე ჰაკობ მანუკიანმა საქმე აიცილა. მან განმარტა, რომ 2021 წელს სწავლობდა ადვოკატთა აკადემიაში, სადაც კათოლიკოსის ადვოკატი არა ზოჰრაბიანი ადვოკატთა პალატის პრეზიდენტი იყო და პირადად მისგან მიიღო ადვოკატის ლიცენზია. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამ გარემოებას შესაძლოა მისი მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვები გამოეწვია და, შესაბამისად, საქმეს თვითაცილებით ჩამოშორდა.

ამის შემდეგ, 10 აგვისტოს საქმე მეორე მოსამართლე სერჟ რუშანიანს გადაეცა, რომელმაც აგვისტოს ბოლოს გადაწყვიტა, საქმე ერევნისთვის გადაეცა.

სომხეთის სახელმწიფო მედია Armenpress-ის ინფორმაციით, მისი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ გარეგინ II-ის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებში სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილი მითითებული არ იყო.

ამის შემდეგ საქმე ვაჰჰაგან მელიქიანს გადაეცა. საქმის იურისდიქცია მანაც სადავო გახადა.

მიმდინარე სასამართლო პროცესი სომხეთის თანამედროვე ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებები იქნა წარდგენილი.

გარეგინ II-ის გარდა, იმავე საქმის ფარგლებში კიდევ ექვსი მაღალი რანგის სასულიერო პირის მიმართ არის წარდგენილი ბრალდება, რომლის თანახმადაც, მათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით განზრახ შეუშალეს ხელი სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მათ შესაძლოა ორ წლამდე პატიმრობა დაემუქროთ.

სასულიერო პირებს ბრალად ედებათ ეპისკოპოს გევორგ საროიანის ეკლესიაში აღდგენაზე უარის თქმა. საროიანი იანვარში განკვეთეს მას შემდეგ, რაც მან მხარი დაუჭირა ნიკოლ ფაშინიანს ეკლესიასა და გარეგინ II-სთან დაპირისპირებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკლესიას საროიანის თანამდებობაზე აღდგენა დაევალა.

სასამართლო პროცესი ეკლესიასა და ფაშინიანის მთავრობას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. დაძაბულობა 2025 წლის მაისში დაიწყო. მაშინ ფაშინიანმა ეკლესიის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყნის მასშტაბით ეკლესიების სათანადო მოვლა-პატრონობას ვერ უზრუნველყოფდა. ეკლესიის, განსაკუთრებით კი გარეგინ II-ის წინააღმდეგ ბრალდებების ზრდასთან ერთად, ფაშინიანმა თანდათანობით ცხადი გახადა, რომ კათოლიკოსის თანამდებობიდან გადაყენებას ისახავდა მიზნად.

ეს მიზანი ახალი 5-წლიანი სამთავრობო პროგრამის ნაწილადაც იქცა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.