Meydan TV: ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე ძვირადღირებულ რეზიდენციას ფლობს

პუბლიკა

ავტორი: ასლან ბაირამოვი

Meydan TV-ის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახი ქვეყნის მასშტაბით 15-მდე რეზიდენციას ფლობს, თუმცა ამ ქონების შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ალიევების უძრავმა ქონებამ უკმაყოფილება გამოიწვია მათ სიახლოვეს საცხოვრებელი სახლების დანგრევისა და მიმდებარე საჯარო სივრცეებზე წვდომის შეზღუდვის გამო.

დამოუკიდებელი მედიის ცნობით, ალიევების საკუთრებები აშენებულია სტრატეგიულ ადგილებში, ტყეების, ტბებისა და პლაჟების მსგავსი ბუნებრივი ტერიტორიების სიახლოვეს. ეს საკუთრებები აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული და მხოლოდ ალიევების ოჯახის პირადი სარგებლობისთვის არის აშენებული.

Meydan TV-ს გამოძიება წლების განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან შეგროვებულ კვლევებს დაეყრდნო და განაცხადა, რომ ოფიციალური ქონების საჯარო რეესტრში შემოწმება „შეუძლებელი“ იყო. გამოცემის თანახმად, მათ ამ სახლების ადგილმდებარეობის დადგენა ადგილობრივ მცხოვრებლებისგან მიღებული ინფორმაციისა და სატელიტური ფოტოებიდან შეძლეს.

გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი ასეთი რეზიდენციის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის გამოსახლება და ცალკეულ შემთხვევებში, სოფლების სრულად დანგრევა მოჰყვა. გარდა ამისა, ამ რეზიდენციებშის მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს ხელფასების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.

2011 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ ყაბალის რეგიონში სოფელი კუსატი დაანგრია. Meydan TV-ის ცნობით, იქ ალიევისა და მისი ქალიშვილის, ლეილა ალიევასთვის საცხოვრებელი სასახლე აშენდა. გამოცემის ინფორმაციით, 16 ოჯახი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა და კომპენსაციის სანაცვლოდ ყაბალაში გადასახლებულიყო. გამოცემას არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის კომპენსაცია მიიღეს ამ ოჯახებმა.

კიდევ 120 ოჯახი, რომლებიც ბაქოს გარეუბანში მდებარე 16-სართულიან შენობაში ცხოვრობდნენ, სავარაუდოდ „ხუტორის სასახლის“ მშენებლობის გამო გამოასახლეს.

Meydan TV-ის ინფორმაციით, 2021 წელს დაშქესანის რაიონის სოფელ ხოშბულაღის მცხოვრებლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სოფლის სასოფლო-სამეურნეო და საძოვრების მიწები ქრთამის სანაცვლოდ სხვებისთვის გადაეცა. ხოშბულაღში, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, ახლა დგას ქონება, რომელიც, სავარაუდოდ, ალიევის ვაჟისთვის აშენდა.

„სოფლის ერთადერთი ტყიანი ტერიტორია პრეზიდენტის ოჯახის გამო ჩაიკეტა“

კიდევ ერთი ქონება, რომელიც, სავარაუდოდ, ალიევების ოჯახს ეკუთვნის, მდებარეობს ნოჰურის ტბის მიმდებარედ – ტერიტორიაზე, რომელიც თვალწარმტაცი ხედებითა და რეკრეაციული დანიშნულებით არის ცნობილი. ქონების აშენების შემდეგ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა ან იქ ფოტოების გადაღება აიკრძალა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს კიდევ ერთ უზარმაზარ და მდიდრულ კომპლექსს, რომელიც ბაქოს გარეუბან ბილგაჰში, სანაპიროზეა აშენებული და რომლის ღირებულებაც მილიონობით დოლარს შეადგენს.

Meydan TV-ის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა კამალადდინ ჰეიდაროვმა ასევე ააშენა დიდი მამული ყაბალის რეგიონის სოფელ გამარვანში და ის ალიევს საჩუქრად გადასცა. კომპლექსში არის ჩოგბურთის კორტი, ხელოვნური ტბა და მდინარე ბუმის ხედი. საკუთრება მკაცრი დაცვის ქვეშაა.

ალიევის ოჯახს საკუთრებები სავარაუდოდ აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთაც აქვს.

2021 წელს „ორგანიზებულ დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების პროექტმა“ (OCCRP) გამოავლინა, რომ ალიევის ოჯახის წევრებმა და მათმა ახლო მოკავშირეებმა ლონდონში თითქმის 700 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების პორტფელი შეიძინეს.

უცხოური სუბიექტების რეესტრის (Register of Overseas Entities) საჯარო მონაცემებში ჩანს, რომ ალიევის ქალიშვილები: ლეილა და არზუ ალიევები, ლონდონში, ჰაიდ პარკის პირდაპირ მოპირდაპირე მხარეს პირადად ფლობენ ექვს ძვირადღირებულ ბინას.

The Guardian-ის ცნობით, ლეილა და არზუ ალიევები დუბაიში მდებარე ძვირადღირებული კურორტის, Sofitel-ის თანამფლობელები არიან.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.