ავტორი: აითან ფარჰადოვა
ივლისში აზერბაიჯანში გააქტიურდა ადგილობრივი TikTok-კრეატორების დაკავებები. ხელისუფლება მათ სოციალურ ქსელებში „მორალური ღირებულებების დარღვევაში“ ადანაშაულებს – ქმედებაში, რომელიც 2026 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი გახდა.
2 აგვისტოს 35 წლის ტიკტოკერ ალიქრამ ჰეიდაროვს ხულიგნობის ბრალდებით რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
სამთავრობო მედია Unikal-ის ცნობით, ის სოციალურ მედიაში „საზოგადოებისადმი უპატივცემულობისა და არაეთიკური ქცევის“ გამო დააკავეს. მას ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის“ გამოვლენა ედება.
ჰეიდაროვს TikTok-ზე 79,3 ათასი გამომწერი ჰყავს და 1,8 მილიონი მოწონება აქვს. მისი კონტენტი ძირითადად ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. თუმცა, ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ზოგიერთი ადამიანი შიიტი მუსლიმების მიუღებლობის გამო გააკრიტიკა.
ერთი დღით ადრე, 39 წლის ტიკტოკერს სანურ აზიზოვს საბაილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე ბრალდებით, რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
30 ივლისს კიდევ ერთ TikTok-ბლოგერს, მუჟგან მამმადზადეს შეუფარდეს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. Unikal-ის მტკიცებით, მამმადზადე დააკავეს „საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი ქმედებების“ გამო. კერძოდ, მას ედავებიან „უზნეო გამოთქმების, ასეთი შინაარსის ჟესტების ჩვენების ან ადამიანის სხეულის ნაწილების იმგვარად გამოჩენას, რაც ეწინააღმდეგება მორალურ ნორმებსა და ეროვნულ-სულიერ ღირებულებებს“.
მამმადზადეს დაკავების დღეს დააპატიმრეს კიდევ ერთი TikTok-კრეატორი, 39 წლის მურად გასიმოვი. ხელისუფლების მტკიცებით, მან „საზოგადოებისადმი უპატივცემულობა გამოავლინა და სოციალურ მედიაში გაავრცელა მასალა, რომელიც არაეთიკურ ქცევას ასახავდა და მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა“. მას ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
29 ივლისს 43 წლის TikTok-ბლოგერ საკინა აჰმადოვას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს „ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, რომლის გავრცელებაც აკრძალულია“, ასევე იმისთვის, ასეთი ინფორმაციის განთავსების აღსაკვეთად ზომები არ მიიღო.
Unikal-ის ინფორმაციით, ივლისის ბოლოს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ასევე მიესაჯა მაკსად ბაღიროვს, რომელიც სოციალურ მედიაში „ანტირელიგიური მოწოდებების“ გავრცელებით არის ცნობილი.
გარდა ამისა, ხელისუფლების მხარდამჭერმა გამოცემა Oxu.az-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-დან 24 წლამდე ასაკის სამ ტიკტოკერს 8-8 დღით პატიმრობა შეეფარდათ საზოგადოებრივ ადგილებში გადაღებებისას „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და მოქალაქეებისთვის უხერხულობის შექმნისთვის“.
TikTok-კონტენტკრეატორების დაკავებების ტალღა 2024 წლის აპრილში დაიწყო. მაშინ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ OC Media-ს განუცხადა, რომ ათეულობით კრეატორი „ამორალური შინაარსის“ შექმნისთვის იყო დაკავებული.
2025 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც „სოციალურ მედიაში საზოგადოებისა და ეროვნული მორალის წინააღმდეგ მიმართული ამორალური საქმიანობა“ წვრილმან ხულიგნობად დააკვალიფიცირა. ეს ცვლილებები პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2026 წლის იანვარში დაამტკიცა
ადამიანის უფლებათა ადვოკატმა იალჩინ იმანოვმა OC Media-ს უთხრა, რომ ახალი რეგულაციები მკაფიოდ არ განსაზღვრავს, ზუსტად რას ნიშნავს „ამორალური საქმიანობა, რომელიც ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.
მისი შეფასებით, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე კონტროლის გაძლიერებას და სოციალურ მედიაში თვითცენზურის კიდევ უფრო დამკვიდრებას.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.