საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 468.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2%-ით ნაკლებია.
ინვესტიციების შემცირება ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის კლებას უკავშირდება.
2026 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალის მოცულობამ 210.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. ამავე პერიოდში რეინვესტიციამ 300.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 64.1%-ით განისაზღვრა.
წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა ჩინეთმა განახორციელა – 219.5 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 46.8%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 123.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3%-ით.
მესამე პოზიციაზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საიდანაც საქართველოში 47.7 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მისი წილი მთლიან მოცულობაში 10.2%-ია.
ამრიგად, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის: ჩინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წილმა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3% შეადგინა.
2026 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა. სექტორმა 207.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მიიღო, რაც მთლიანი FDI-ის 44.3%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 119.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი ინვესტიციების 25.6%.
მესამე პოზიციაზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი, რომელმაც 59.0 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა. მისი წილი მთლიან მოცულობაში 12.6%-ია.
სამმა უმსხვილესმა სექტორმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, უძრავმა ქონებამ და დამამუშავებელმა მრეწველობამ 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.4% მოიცვა.