საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23.2%-ით შემცირდა — უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია

პუბლიკა

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 468.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2%-ით ნაკლებია.

ინვესტიციების შემცირება ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის კლებას უკავშირდება.

2026 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალის მოცულობამ 210.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. ამავე პერიოდში რეინვესტიციამ 300.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 64.1%-ით განისაზღვრა.

წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა ჩინეთმა განახორციელა – 219.5 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 46.8%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 123.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3%-ით.

მესამე პოზიციაზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საიდანაც საქართველოში 47.7 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მისი წილი მთლიან მოცულობაში 10.2%-ია.

ამრიგად, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის: ჩინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წილმა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3% შეადგინა.

2026 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა. სექტორმა 207.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მიიღო, რაც მთლიანი FDI-ის 44.3%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 119.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი ინვესტიციების 25.6%.

მესამე პოზიციაზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი, რომელმაც 59.0 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა. მისი წილი მთლიან მოცულობაში 12.6%-ია.

სამმა უმსხვილესმა სექტორმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, უძრავმა ქონებამ და დამამუშავებელმა მრეწველობამ 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.4% მოიცვა.