გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს წერილი გაუგზავნეს.
ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებასა და შესაძლო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
მშობლები მიიჩნევენ, რომ სუსის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან „პირდაპირი კავშირი აქვს“. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა ასევე აცხადებს, რომ მისი შვილის სიკვდილის გარემოებაზე „ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი იცის”.
ბაჩალიაშვილის მშობლები ლილუაშვილსა და ღარიბაშვილს მოუწოდებენ, ღიად ისაუბრონ და თქვან, რა ინფორმაციას ფლობენ მათი შვილის გარდაცვალების შესახებ.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის წერილი გრიგოლ ლილუაშვილს:
„გრიგოლ, ახლა იმყოფები პატიმრობაში. როგორც ხედავ, ყველაფერი დროებითია – თანამდებობაც, გავლენებიც…
2020 წელს ალბათ ვერც წარმოიდგენდი, რომ 6 წლის შემდეგ ციხეში ამოყოფდი თავს. ახლა მაინც გამოიჩინე კაცობა, თქვი სიმართლე…
იცოდე, ეს საქმე მაინც გაიხსნება და პასუხს მაინც აგებ ამ საქმეზე. რაც დროულად იტყვი, შენთვის აჯობებს. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა: „ჩვენს სამსახურს კურირებს სუსის უფროსი ლილუაშვილი და შსს-ო“. თქვი ყველაფერი, რაც იცი ჩემი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. შენც ხო მამა ხარ?!“.
თეონა თამაზაშვილის წერილი ირაკლი ღარიბაშვილს:
„გადავწყვიტე მეც წერილოხბით მომემართა თქვენთვის, რადგან თქვენი ბოლო წერილი გახდა ჩემთვის თვალშისაცემი და ირიბი მინიშნება იმისა, რომ ხდება მკვლელობების თვითმკვლელობებით შენიღბვა.
ალბათ, თამარ ბაჩალაიაშვილი იყო პირველი, ვისი მკვლელობაც შეინიღბა თვითმკვლელობად, მაგრამ როგორც ყველა დანაშაული არ არსებობს უშეცდომო, აქაც ეგრე მოხდა (და თანაც არაერთი შეცდომა).
მოგმართავთ იმისთვის, რომ რაც კი იცით ამ დანაშაულის შესახებ, აღიაროთ და ამით სული მაინც გადაირჩინოთ, როგორც თქვენმა მოგვარე გიორგი ღარიბაშვილმა გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სცოდნოდა, რომ ამ სიტყვებს არ აპატიებდნენ (გულის შეტევას გამოიწვევდნენ, როგორც თამარის შემთხვევაში, ხელწერა ერთნაირია), მაინც თქვა „თქვენს შვილს თავი არ მოუკლავს, თქვენი შვილი მოკლეს“. ეს პირდაპირ იმის აღიარება იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს ვილა ალგეთის ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე, რომელიც იდეალური ადგილი იყო მკვლელობისთვის და მანქანის დასამალად.
მე კარგი შვილი გავზარდე, სამართლიანი, რასაც შეეწირა კიდეც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი შვილის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა: „თქვენ საუკეთესო შვილი გყავდათ, მე 150 კაცი დავკითხე თამართან მიმართებაში და ერთსაც კი აუგი და გადახრილი სიტყვა არ უთქვამს“.
გამიგრძელდა სიტყვა და მოკლედ ვიტყვი, მონანიება საუკეთესო რამაა, რაც კი უფალს სასოწარკვეთილი ადამიანისთვის შეუთავაზებია.
აღიარეთ და მოინანიეთ, რაც თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ ჩაიდინეთ და ღმერთი მოწყალეა, მოგიტევებთ… სამართალი იზეიმებს!
ფიზიკურად თამარს არავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მისი სული სიმშვიდეს ჰპოვებს, რაც ჩემთვის ეგზომ სანატრელია“.
19 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურას, ხელახალი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, განცხადებით მიმართეს.
თეონა თამაზაშვილი გამოძიების მკვლელობის მუხლით დაწყებას ითხოვს. დედას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და მიიჩნევს, რომ მისი მკვლელობის საქმე „ჩაფარცხეს“. დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“.
თამარ ბაჩალიაშვილის დედას თავიდანვე ჰქონდა კითხვები. ეჭვები გაჩნდა ბაჩალიაშვილის კომპიუტერთან, სოციალურ ქსელებთან, მის სამსახურთან, ავტომობილთან და გარდაცვალების ადგილზე აღმოჩენილ ნივთებთან დაკავშირებით.
ოჯახი ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილი შესაძლოა მოკლული ყოფილიყო ან მისი გარდაცვალების გარემოებები ხელოვნურად შეეცვალათ.
21 აგვისტოს პროკურატურამ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და „საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია”.
პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიების დაწყებიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე და სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ.
პროკურატურა საქმის მასალებზე დაყრდნობით თამარ ბაჩალიაშვილის ემოციურ მდგომარეობასა და მის მიერ დატოვებულ ელექტრონულ მიმოწერებზე საუბრობს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი ყოფილი უფროსის, ნ.გ.-ს მიმართ გრძნობების შესახებ ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ მიმოწერაში ასახული იყო მისი მძიმე ემოციური მდგომარეობაც.
პროკურატურა წერს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა:
„18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით – „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, გაუგზავნა შპს „ზეგში“ მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით – „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს“.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამდე პერიოდის მოქმედებები, გადაადგილება და ელექტრონული აქტივობა დეტალურად შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მან აფთიაქებში მედიკამენტები შეიძინა, ხოლო მისი გადაადგილება და უშუალოდ შეძენა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.
„საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე.
შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი.
22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი ფურცელი ტექსტით – „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი” ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ბაჩალიაშვილის ბოლო გადაადგილების მარშრუტი Google-ის Timeline-ის მონაცემებისა და ვიდეოკამერების ჩანაწერების საფუძველზე აღდგა. გამოძიების განცხადებით, ასევე გამოირიცხა ავტომობილში სხვა პირის ყოფნა.
უწყების ინფორმაციით, აშშ-ის შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემებით, ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებსა და ანგარიშებზე არაავტორიზებული წვდომის, ინფორმაციის წაშლის ან შეცვლის ფაქტები არ დადასტურდა. გამოძიებამ ასევე გამოკითხა 100-ზე მეტი ადამიანი და შეისწავლა მათი მოწყობილობები, თუმცა, პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მიმართ სხვა პირების მიერ უკანონო ქმედების ფაქტი ვერ გამოვლინდა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა თვითმკვლელობის ვერსიას ადასტურებს.