იაგო ხვიჩია: ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო

პუბლიკა

„თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი „გირჩის“) ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა 2025 წლის დეკემბერში, თბილისში, მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის სახლში გაიმართა და მას თავად ხვიჩიასთან ერთად „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სუსის მაშინდელი უფროსი მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

ხვიჩია ამბობს, მას შემდეგ, რაც „გირჩი“ პარლამენტში შევიდა, პარტიის დაჟინებული მოთხოვნა იყო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ პარლამენტში შევედით, ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი. მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია გვქონდა. კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც მივდიოდი, ძირითადად, მამუკა მდინარაძესთან, ხანდახან ირაკლი კობახიძესთან და ვეუბნებოდი, რომ გამაცანით ის კაცი. მეც მესმის, თქვენც გესმით, რომ ის კაცი არის უფროსი. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ხალხმა პარლამენტში აირჩია და ძალიან მინდა იმ კაცის გაცნობა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ხან ხუმრობის საგანი ხდებოდა, თუმცა საბოლოოდ, 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 2025 წლის დეკემბერში, მამუკა მდინარაძე მას დაუკავშირდა და აცნობა, რომ შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი იქნებოდა. ხვიჩია ამ პერიოდს „შედარებით სტაბილურს“ უწოდებს, ქართული ოცნებისთვის“ მაინც“.

„მე ეს ძალიან გამიხარდა. ოფისშიც ყველას გაგვიხარდა და სანდრომ (რაქვიაშვილმა) მთხოვა, იქნებ მეც გავიცნო ეს კაციო. ასე დავგეგმეთ, რომ ეს შეხვედრა არ იქნებოდა მხოლოდ ჩემი და ბიძინა ივანიშვილის. შესაბამისად, მე და სანდრო რაქვიაშვილი შევხვდით“, – თქვა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილთან ერთად შეხვედრას, რომელიც თბილისში, ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდის სახლში გაიმართა ესწრებოდნენ მდინარაძე და კობახიძე. „თხპ-ის“ ლიდერი ამბობს, რომ „შეხვედრა მშვიდ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში წარიმართა“.

„ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ, როგორც ქვეყნის შიდა სიტუაციაზე, ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთობაზე; ვილაპარაკეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია ზოგადად. მე მაინტერესებდა, პირობითად, იყო თუ არა შესაძლებელი ჩვენი გეგმების [განხორციელება], როგორ უყურებდა ამას „ქართული ოცნება“. მაგრამ ამ საუბარმა მაინც გაცნობითი ხასიათის შინაარსი შეიძინა“, – ამბობს ხვიჩია.

მისი თქმით, ერთი შეხვედრის შემდეგ კონკრეტული საკითხები, რომლებზეც მხარეებს თანამშრომლობა შეეძლებოდათ, არ გამოკვეთილა.

„ჩვენ ერთი შეხვედრის მერე ვერ დავინახეთ რამე კონკრეტული საკითხები, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ამ თემასთან დაკავშირებით. თანამშრომლობა ნიშნავს საჯარო თანამშრომლობას. შეიძლება იმიტომ, რომ ერთი საუბარი ამისთვის არ იყო საკმარისი, კიდევ სხვა, მეტი საუბარია საჭირო“, – ამბობს ის და დასძენს, რომ „სწორედ ამიტომ სურს, რომ ივანიშვილთან შეხვედრები გაგრძელდეს და მსგავსი შეხვედრები მომავალში ნაკლებად სკანდალური გახდეს“.

იაგო ხვიჩიამ ასევე თქვა, რომ ის და მისი პოლიტიკური გუნდი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებსაც შეხვედრიან, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლებს.

„ჩვენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ გვინდოდა, შევხვდით მიხეილ სააკაშვილსაც, გახარიასთანაც ვარ სახლში ნამყოფი შეხვედრაზე, „ლელოსთანაც“. არც ერთი ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის არ ყოფილა ცნობილი, იმიტომ რომ არცერთი დასრულებულა კონკრეტული შედეგით“, – თქვა მან.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან კიდევ შეხვედრა სურს, თუმცა არ უნდა, რომ წინა საუბრის შინაარსი წინასწარ გახმაურდეს.

„ჩვენ კიდევ გვინდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. მე საერთოდ არ მინდა, რომ იმ კაცს ჩემთან ნალაპარაკევი რამე წინ დახვდეს. მე არ ვამბობ, რომ არ ვისაუბრეთ. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს შეხვდით, ისაუბრეთ, ამ შეხვედრის შესახებ არ ყოფილა საჯაროდ ინფორმაცია. ძალიან ბუნებრივია ბევრ საქმეზე, როდესაც ადამიანები ჯერ ხვდებიან ერთმანეთს არასაჯაროდ, რომ ზედმეტი ხმაური არ გამოიწვიონ, მათ შორის მიდის ბევრი რამის ლაპარაკი, დამუშავება, ან პირველი ნაბიჯით სვლა შეთანხმებისკენ“, – თქვა მან.

ხვიჩიას განმარტებით, თუ მომავალში რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწევენ, ამას არც საკუთარ მხარდამჭერებს და არც საზოგადოებას არ დაუმალავენ.

„მაგრამ მგონია, რომ ცოტა უაზრო დისკუსია გამოიწვია იმან, რომ რატომ ხვდებით თქვენ ვიღაცას, თქვენ თუ ვიღაცას ხვდებით, ესე იგი, გადაბირებას ხომ არ აპირებს, ან ხომ არ გადაგიბირათ“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

ის ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუთანხმდა, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მათი მხრიდან არ გასაჯაროვდებოდა, თუმცა ვინაიდან ჟურნალისტმა სანდრო რაქვიაშვილს ამის შესახებ ჰკითხა, პასუხად მან ტყუილი არ თქვა.

„შეგახსენებთ ისტორიას, როგორ დაიწყო ეს სკანდალი. ჟურნალისტმა ჰკითხა სანდროს სასხვათაშორისოდ, ხომ არ შეხვედრიხართო. რომ ეთქვა, არ შევხვედრივართო, ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა. მაგრამ ჩვენ არ ვატყუებთ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან, რომ ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა გასაჯაროებული ამ შეხვედრის შესახებ და ა.შ.“, – თქვა მან.

ხვიჩიას განცხადებით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მის ოჯახშიც კი ფართოდ არ იყო ცნობილი. მისი თქმით, დედამ ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით გაიგო, ხოლო ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მამამ და ძმამ იცოდნენ.

„ჩვენი სათათბიროს წევრთა დიდი ნაწილიც ცოტათი გაბუტულია იმის გამო, რომ მათაც რაღაცნაირად არ იცოდნენ“, – ამბობს ის.

იაგო ხვიჩიამ ასევე თქვა, რომ შეხვედრის შეასხებ ინფორმაციის გასაიდუმლოება იმ შეთანხმებას უკავშირდებოდა, რომლის საფუძველზეც შეხვედრა შედგა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენგან არ გასულიყო ამ შეხვედრის შესახებ რამე ტიპის ინფორმაცია, არა იმიტომ, რომ რამეს ვმალავდით, არც ახლა არ გვაქვს არაფერი დასამალი. საერთოდ არ მინდა, რომ რამე ისეთი ვთქვა ან ისეთ რაღაცაზე ვილაპარაკეთ-მეთქი, საჯაროდ დავასახელო, რაც უბრალოდ არ იქნება მეორე მხარისთვის ან შეთანხმებული, ან მისაღები და ა.შ. იმიტომ რომ ასეთი შეთანხმებით იყო ზოგადად ეს შეხვედრა“, – თქვა მან.

ხვიჩიამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრას კი – მეორე მნიშვნელოვანი შეხვედრა.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო-მეთქი. ასევე ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მიხეილ სააკაშვილს რომ შევხვდით ციხეში“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოს პოლიტიკურ მოთამაშეებთან შეხვედრები მომავალშიც გამართოს.

იაგო ხვიჩიამ მადლობაც გადაუხადა მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს, რომელთა „აქტიური მხარდაჭერითაც“ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა შედგა.