ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო სწავლებები გაიმართება

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში 2026 წლის 12-16 ოქტომბერს სამხედრო სწავლებები გაიმართება.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ასევე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის სამხედრო დანაყოფები და რეზერვისტები.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში დამუშავდება თანამედროვე ოპერაციებსა და საბრძოლო მოქმედებებში ჯარების დაჯგუფებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. სწავლებებში გათვალისწინებული იქნება, მათ შორის, არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენება.

„აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ბადრა გუნბამ დღეს დაამტკიცა შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლების ჩატარების გეგმა, რომელიც 2026 წლის 12-16 ოქტომბერს გაიმართება“, – ნათქვამია აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ Telegram-არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, „ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის სამხედრო დანაყოფები, რეზერვისტები, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლებების დროს დამუშავდება თანამედროვე ოპერაციებსა და საბრძოლო მოქმედებებში ჯარების დაჯგუფებების გამოყენებასთან დაკავშირებული რთული ამოცანები.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, სამხედრო სწავლებების ფარგლებში განიხილება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისთვის დამახასიათებელი ჯარების გამოყენების ფორმები და მეთოდები.