საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტიციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კირცხალიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი მიმდინარე კვირაში წარედგინება. მან განმარტა, რატომ გახდა საჭირო ახალი ოპოზიციური პარტიის სიაში დამატება და გადაწყვეტილება გახარიას პარტიის „უამრავი დესტრუქციული ქმედებით” ახსნა.
მანვე განაცხადა, რომ სარჩელში მათ მოთხოვნილი არ აქვთ „გახარია – საქართველოსთვის” დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტა პარლამენტსა და საკრებულოებში.
„ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. ყველამ კარგად იცით, რომ საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია – საქართველოსთვის“ პარტია. […] კარგად გვახსოვს, ასე ვთქვათ, მათი გეგმები შემოსულიყვნენ პარლამენტში, აპირებდნენ შემოსვლას, შემდეგ მათი მანდატების ცნობა.
გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მაგრამ ვნახეთ რა – პირველი და ყველაზე მთავარი: უხეში და თავხედური არაღიარება ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების და ამის ირგვლივ უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტის შიგნით თუ კომიტეტებში, თუ მათ ქმედებებში.
არაერთხელ მითქვამს და გავმეორდები: არ აქვს მნიშვნელობა ფერს და საარჩევნო ნომერს, როდესაც ემსახურები იმ მავნებლურ იდეას, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობის აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენთვის, პირადად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ტოლფასია შენი ქვეყნის ინტერესების ღალატის.
როგორც წინა შემთხვევაში, ამ სარჩელის პირობებშიც, ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეულ დეპუტატზე, რომელიც იქნება პარლამენტში თუ საკრებულოებში.
ასე რომ, ველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. აქვე დავძენ, რომ სარჩელი არის შედგენილი ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით და ძალიან პროფესიონალურად“, – თქვა კირცხალიამ.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვის მაქსიმალური ვადა 9 თვეა. ეს პერიოდი აითვლება სასამართლოში სარჩელის ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
„ქართულმა ოცნებამ“ პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს წარადგინა, შემდეგ კი მიმდინარე წლის აპრილში „სიას პარტია „ფედრალისტები” დაემატა. სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება და 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.
შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება საკონსტიტუციო სარჩელის ვადების გადადება, კირცხალიამ თქვა:
„რაც შეეხება ვადებს, თუ ვინმეს პირობითად უნდა, რომ ვადით ითამაშოს და ვადის გაწელვაზეა საუბარი, წინა შემთხვევაშიც და ახლაც მივიყვანდით ბოლო ვადამდე, ბოლო თვემდე და შემდეგ გამოვაცხადებდით ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რაც მაგალითად დღეს განვაცხადეთ. ამიტომ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და ყოველგვარ ლოგიკას აცდენილი“.
„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის”, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, „ზემოაღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.
საკონსტიტუციო სარჩელი არ შეიცავს პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.