კობახიძე: გრანტების მართვის სააგენტო მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „გრანტების მართვის სააგენტო მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება“.

კობახიძემ თქვა, რომ „ენჯეო ხელოვნური ფენომენია უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის“.

„ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების მართვის სააგენტო 2025 წლის გაზაფხულზე „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით“ შექმნა – მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული კანონები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებს და მედიებს მიემართებოდა, განაცხადა, რომ NGO-ებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებდა.

პარალელურად „ოცნებამ“ აკრძალა გრანტების მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე.

გრანტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად თავდაპირველად თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც 2026 წლის იანვრიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.